წულუკიანის დაანონსებული რეპრესიების ახალი ტალღა და მიზანში ამოღებული კონსერვატორია - რას პასუხობენ მინისტრს
წულუკიანის დაანონსებული რეპრესიების ახალი ტალღა - კულტურის მინისტრის გადაწყვეტილებას ხელოვანების მხრიდან მწვავე კრიტიკა მოჰყვა. საუბარია, წულუკიანის განცხადებაზე, რომელმაც თქვა, რომ კონსერვატორიაში რეფორმაა ჩასატარებელი, რადგან ხელმძღვანელობას "თვალშისაცემი ხარვეზი" აქვს.
კულტურის ანთროპოლოგის, ეკატერინე დიასამიძის თქმით, რექტორს ირჩევს აკადემიური საბჭო, რაც კონსერვატორიის წესდებით არის დადგენილი. აქედან გამომდინარე, ხელოვნებათმცოდნე ამბობს, რომ სამინისტროს მხრიდან მსგავსი ტიპის პირდაპირი ჩარევა არის არასწორი და მიუღებელი.
კონსერვატორიის წესდების თანახმად, რექტორს ირჩევს აკადემიური საბჭო, შესაბამისად, სამინისტროს მხრიდან მსგავსი განცხადებებით გამოსვლა, ეს არის პირდაპირი ჩარევა კონსერვატორიის საქმიანობაში, რაც არის, ჩემი აზრით, არასწორი და მიუღებელი. რექტორს ვადა ისედაც ეწურება მალე და ჩემთვის გაუგებარია, რა საჭირო იყო ეს აჟიოტაჟი. მუსიკას განსხვავებული სპეციფიკა აქვს. სიმართლე, რომ გითხრათ, მე მგონია, რომ მუსიკის დამორჩილება ამ ქვეყანაში ვერ შეძლეს წარსულში და არ მგონია, რომ ეს ვინმემ შეძლოს აწმყოსა თუ მომავალში", - ამბობს მუსიკოლოგი, კულტურის ანთროპოლოგი, ეკატერინე დიასამიძე.
ეთნომუსიკოლოგის, დავით შუღლიაშვილის თქმით, კონსერვატორიის რექტორი არის ის ადამიანი, რომელმაც შეძლო პანდემიის რთულ ვითარებაში მუსიკალური კულტურის საქართველოში შენარჩუნება.
ეს არის ადამიანი, რომელმაც იმ რთულ ვითარებაში, რომელიც პანდემიას გულისხმობდა და მუსიკალურ სამყაროში ეს განსაკუთრებულად საგრძნობი არის შეიძლება ითქვას, ისე შეასრულა თავისი მოვალეობა, რომ შენარჩუნებულია მუსიკალური კულტურა საქართველოში. ამას თან ახლავს მისი, როგორც მოქალაქის, როგორც პიროვნების ძალიან მკვეთრი და სწორი პოზიცია ჩემი ხედვითაც, რაც არის მიზეზი სწორედ იმ წინააღმდეგობისა სამინისტროდან და სურვილისა მისი დამორჩილებისა", - ამბობს ეთნომუსიკოლოგი, დავით შუღლიაშვილი.