რკინიგზა ინგუშეთის გავლით - რუსეთი საქართველოსთან სატრანსპორტო კავშირების გაფართოებას განიხილავს
იზოლაციაში მოქცეული რუსეთი ხსნას ისევ საქართველოში ეძებს - „რუსეთ-საქართველოს ბიზნეს საბჭო“ საქართველოსთან სატრანსპორტო კავშირების გაფართოებას განიხილავს
ვლადიკავკაზში გამართული რუსეთ-საქართველოს ბიზნეს საბჭოს სხდომაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და რუსეთს შორის სარკინიგზო კავშირს, სადაც მსჯელობა იყო იმაზე, უნდა აშენდეს თუ არა ახალი რკინიგზა ინგუშეთის (ჩრდილოეთ კავკასია) გავლით თუ გაიხსნას ძველი რკინიგზა აფხაზეთის გავლით.
ოპოზიციის თქმით, თუ ინგუშეთის (ჩრდილოეთ კავკასია) გავლით ახალი რკინიგზა აშენდება, ეს იქნება რუსეთის არა მხოლოდ ეკონომიკური და პოლიტიკური გაბატონება საქართველოში, არამედ სამხედრო გაბატონებაც.
რომან გოცირიძის თქმით, ამ რკინიგზის აშენებას დაახლოებით 3-4 წელიწადი დასჭირდება. მისი განცხადებით, ეს რკინიგზა რომც გაიხსნას, ვერ იმუშავებს.
კატასტროფული მარცხი იქნება ეს საქართველოსი და ფაქტობრივად, ეს ნიშნავს, რუსეთის არა მხოლოდ პოლიტიკურ და ეკონომიკურ, არამედ სამხედრო გაბატონებას. შეიძლება თუ არა ეს მოხდეს მალე? ვერ მოხდება მალე, ვინაიდან 120 კმ-ია აღსადგენი და დღეს რომ დაიწყონ, ამის გაკეთებას უნდა 3-4 წელი და იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ ეს რკინიგზა რომც გაიხსნას, ვერ იმუშავებს". - ამბობს გოცირიძე
"დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია კი ამბობს, რომ რუსეთი საქართველოს განიხილავს, როგორც საკუთარი კომფორტის ტერიტორიას და მისი თქმით, მთელი უბედურება იმაშია, რომ ამაში რუსეთს ხელს საქართველოს ხელისუფლება უწყობს.
ამ განცხადებაში ჩანს, რომ რუსეთისთვის საქართველო არის ტერიტორია, რომელიც უნდა ემსახურებოდეს რუსეთის ინტერესებს. განსაკუთრებით, ამ იზოლაციის პირობებში, საქართველოს განიხილავენ, როგორც საკუთარი კომფორტის ტერიტორიას. მთელი უბედურება არის იმაში, რომ მათ აქ ჰყავთ ხელისუფლება, რომელიც ამ ყველაფერში უწყობს ხელს". - ამბობს ხოშტარია.