დატოვონ საქართველოს მთავრობა და დასრულდეს რუსული ჯაშუშური ქსელი ქვეყანაში - ფავლენიშვილი
"ყველა ამ ადამიანმა უნდა დატოვოს საქართველოს მთავრობა და ეს რუსული ჯაშუშური ქსელი ქვეყანაში უნდა დასრულდეს", - ეს განცხადება "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ირაკლი ფავლენიშვილმა გააკეთა.
პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ფავლენიშვილი ამბობს, რომ რუსეთის ჯაშუშობაში მხილებულმა პირმა პასუხი უნდა აგოს დანაშაულზე და უნდა შეიცვალოს ეფ-ეს-ბე-ს აგენტის მფარველი ხელისუფლება.
ჩვენ დღეს რუსულ მთავრობას ვაპროტესტებთ ბევრი მიმართულებით, რუსულმა მთავრობამ გვაჩვენა ღალატის კიდევ მრავალი მაგალითი, მათ შორის, დანაშაულებრივი პასუხისმგებლობის მაგალითები, გვყავს ჯაშუში, რომელიც აკონტროლებს ქართულ ძალოვან სტრუქტურებს, მათ შორის ფინანსურ სისტემასაც, როგორც გამოჩნდა ოთარ ფარცხალაძის სახით, გვყავს ვახტანგ გომელაური, რომელმაც ჩააგდო მთლიანად ხელისუფლების რეაგირება შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით და თურმე ღამით არ უნდა მუშაობდეს სამაშველო სამსახურები და თურმე, როდესაც სტიქიური უბედურება ხდება მსხვერპლის მინიმალიზაცია არ უნდა იყოს ხელისუფლების მიზანი და ეს არის კომპლექსური დანაშაულები, დანაშაულები ხდება ყველგან, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გვყავს ადამიანი, რომელიც მთელ ფინანსურ სისტემას რუსი ჯაშუშის გამო აგდებს საფრთხეში, ამიტომაც ყველა ამ ადამიანმა უნდა დატოვოს საქართველოს მთავრობა და ეს რუსული ჯაშუშური ქსელი ქვეყანაში უნდა დასრულდეს", - ამბობს ირაკლი ფავლენიშვილი.