რომელი კომპანია იქნება ანაკლიის პორტის ინვესტორი - შვეიცარულ-ლუქსემბურგული თუ ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმი
ვინ ააშენებს ანაკლიის პორტს - შვეიცარულ-ლუქსემბურგული თუ ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმი. ირკვევა, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობაზე გამოცხადებული კონკურსის მეორე ეტაპზე სწორედ ეს ორი კომპანია გადავიდა და ახლა ბოლო ეტაპია საინვესტიციო წინადადებების წარდგენის.
როგორც ეკონომიკის მინისტრმა მინისტრის საათის ფორმატში პარლამენტში დეპუტატების კითხვაზე პასუხად აღნიშნა, სწორედ ეს ორი კომპანია გადავიდა დასკვნით ეტაპზე და შერჩევაც მათ შორის მოხდება. დავითაშვილის თქმით, ანაკლიის პორტის მშენებლობაზე სურვილი რუსულ კომპანიებს არ გამოუთქვამთ.
როგორც დავითაშვილი ამბობს, მიმდინარე წლის ბოლომდე მოხდება ასევე მშენებელი კომპანიის შერჩევა და სამშენებლო პროცესების დაწყება.
საბოლოოდ ჩვენ მივიღეთ 4 განაცხადი და ჩვენ ჩავთვალეთ, რომ გარკვეული ხარვეზები არსებობდა, დასაზუსტებელი იყო ტექნიკური საკითხები, რაც უნდა გარკვეული ყოფილიყო. განაცხადები რამდენიმე კომპანიის მხრიდან მაღალ დონეზე იყო მომზადებული.
დააკმაყოფილა ორმა ჯგუფმა - ეს არის ერთი კომპანია და ეს არის შვეიცარულ-ლუქსემბურგული კომპანია და გადავიდა მეორე ეტაპზე. მეორე არის ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმი, ესეც არის მსოფლიოში აღიარებული წამყვანი კომპანიათა ჯგუფი.რაც შეეხება ორ სხვა პრეტენდენტს მათი სხვა საკვალიფიკაციო მოთხოვნები არ იყო შესაბამისი ჩვენს მოთხოვნასთან და ვერ გადავიდნენ შემდეგ ეტაპზე.
რაც შეეხება იმ კითხვას, რუსულ კომპანიებს მონაწილეობა კონკურსში არ მიუღიათ. იმისთვის, რომ რუსული ან ნებისმიერი სხვა ქვეყნის ინტერესი და გავლენა არ დომინირებდეს საქართველოს ინტერესებს და ჩვენი ინტერესები მაქსიმალურად დავიცვათ და როგორც ეს პორტი, სხვა ნებისმიერი კრიტიკულ ინფრასტრუქტურული პროექტი ქვეყნის და ეკონომიკის ინტერესებს ემსახურებოდეს, აქედან არის ის კონფიგურაცია, რომ სახელმწიფოს ექნება კონტროლი ასეთ მნიშვნელოვან კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე, განსხვავებით იმ გადაწყვეტილებებისა, რომლის მომსწრეებიც წინა წლებში ვიყავით, როდესაც კრიტიკული ინფრასტრუქტურა სახელმწიფოს უფლებების შეზღუდვით და სახელმწიფოს უფლებების გარეშე ძალიან უპასუხისმგებლოდ არის გადაცემული სხვადასხვა ქვეყნის კომპანიებზე.
როდესაც სტრატეგიულ და კომერციულ ინტერესებზე ვსაუბრობთ, ორი პოლიტიკურად ძალიან მეგობარი ქვეყანა შეიძლება იყოს კომერციული კუთხით კონკურენტი და ერთმანეთთან ვერ ითანამშრომლოს და დაზიანდეს ქვეყნის ინტერესი,“ - ამბობს ლევან დავითაშვილი.