გომელაურს არაფერი აქვს სათქმელი შოვთან დაკავშირებით, ამისთვის ატეხეს ასეთი ამბავი - კუპრაძე ძალადობაზე
პარტია "ლელო საქართველოსთვის" გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე საკრებულოს დეპუტატის მიმართ განხორციელებულ თავდასხმას ეხმიანება და ამბობს, რომ ხელისუფლების მიერ ორგანიზებული ძალადობა პარლამენტში მიმდინარე ინტერპელაციის პროცესის გადაფარვას ემსახურებოდა.
"ეს არის "ქართული ოცნების" დადგენილი სტანდარტი, ძალადობის მცდელობა და შემდეგ ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დევნის გაგრძელება" - ამბობს პოლიტიკოსი.
ჩემ უკან ახლა 400 პოლიციელი დგას, რომლებიც დაკავებულები არიან ერთადერთი საქმით, ნაცვლად იმისა, რომ მოძალადეები ეძებონ, დააკავეს ხუთი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი. ეს არის დადგენილი სტანდარტი "ქართული ოცნებისა", ძალადობის მცდელობა და შემდეგ ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დევნის გაგრძელება. ცხადია, რომ დღეს საკრებულოს სხდომაზე სპეციალურად მოხდა პროცესის გამწვავება, რადგან დღეს პარლამენტში უმნიშვნელოვანესი ინტერპელაციის პროცესი გადაეფარათ, რომელიც იყო შოვზე და ანაკლიის პორტზე. გომელაურს არაფერი არ აქვს სათქმელი შოვთან დაკავშირებით და ამისთვის ატეხეს ასეთი ამბავი - აღნიშნა კუპრაძემ.