გლდანში მომხდარ დაპირისპირებაზე შსს-მ გამოძიება პოლიციელზე თავდასხმის მუხლით დაიწყო

23.09.23 01:04
გლდანში მომხდარ დაპირისპირებაზე შსს-მ გამოძიება პოლიციელზე თავდასხმის მუხლით დაიწყო

გომელაურის უწყებამ გლდანში მომხდარ დაპირისპირებაზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც სამსახურებრივი საქმიანობის შესრულების დროს პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ამტკიცებენ, რომ  გლდანში მომხდარი დაპირისპირების შედეგად, პოლიციის თანამშრომლებს სხეულზე სხვადასხვა სახის დაზიანება აღენიშნებათ.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის მთავარ სამმართველოში, თბილისის საკრებულოს ერთ-ერთი დეპუტატის და მისი თანმხლები პირების ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე შემოსული შეტყობინების საფუძველზე, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით დაიწყო, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.

შეტყობინების საფუძველზე ადგილზე მისულ სამართალდამცველებს, დახვდათ რამდენიმე პირი, რომლებსაც სხეულზე აღენიშნებოდათ სხვადასხვა სახის, მათ შორის სისხლნაჟღენთი დაზიანებები. აღნიშნული პირები სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

მომხდარი ფაქტიდან მალევე გლდანში შეიკრიბნენ დაშავებული პირების მეგობრები და თანაპარტიელები, რომლებმაც სამართალდამცველებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში ხელი შეუშალეს, მიაყენეს სიტყვიერი, ასევე, ფიზიკური შეურაცხყოფა და წინააღმდეგობა გაუწიეს, რა დროსაც პოლიციამ 3 პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად დააკავა.

დაპირისპირების შედეგად, პოლიციის თანამშრომლებს სხეულზე სხვადასხვა სახის დაზიანება აღენიშნებათ. ფაქტზე დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით, რაც სამსახურებრივი საქმიანობის შესრულების დროს პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.

აღსანიშნავია, რომ საავადმყოფოში მოთავსებულმა პირებმა, საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, სამედიცინო დაწესებულებაში მისულ სამართალდამცველებს გამოკითხვაზე უარი განუცხადეს და განმარტეს, რომ ჩვენებას მისცემენ სასამართლოში. მომხდარ ფაქტებთან დაკავშირებით გრძელდება გამოძიება, ტარდება შესაბამისი ღონისძიებები" -  წერია განცხადებაში. 

ამასთან, როგორც "პირველებმა" გაარკვია, გლდანში დაკავებული „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები - ნიკა მელია, ბაჩო დოლიძე და ზვიად კუპრავა დიღმის დროებითი დაკავების იზოლატორში არიან გადაყვანილი.

ცნობისთვის, თბილისის საკრებულოში მომხდარი დაპირისპირებისა და ხელჩართული ჩხუბის შემდეგ, ირაკლი ეძგვერაძეს საკუთარ სახლთან ჩასაფრება მოუწყვეს, თავს დაესხნენ და სასტიკად სცემეს. ნაცემი არიან დეპუტატის მეგობრებიც. მათ მძიმე დაზიანებები აღნიშნებათ.

დაზარაებული ირაკლი ეძგვერაძე მასზე თავდასხმის დამკვეთად "ოცნების" დეპუტატ კოტე ზარნაძეს ასახელებს. 

ამასთან, ოპოზიციონერმა დეპუტატმა დაადასტურა ინფორმაცია, რომ ძალადობაში ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტები, ძმები შუკაკიძეები მონაწილეობდნენ. 

ოპოზიციონერ დეპუტატზე თავდასხმის შემდეგ, გლდანში ვითარება რამენჯერმე დაიძაბა, ხმაურისა და პოლიციასთან შელაპარაკების შემდეგ, შსს-მ უველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის წევრები ნიკა მელია, ზვიად კუპრავა და ბაჩო დოლიძე დააკავა.

რაც შეხება ირაკლი ეძგვერაძეზე თავდასხმის ფაქტს გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის მუხლით დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებულებმა თავდამსხმელები ამოიცნეს და საჯაროდ დაასახელეს, არცერთი მათგანი დაკავებული არ არის.  

მსგავსი სიახლეები