ვგრძნობთ იმ ტკივილს, რომელსაც ამჟამად უკრაინა განიცდის - ღარიბაშვილი გაეროში
ვგრძნობთ იმ ტკივილსა და გაჭირვებას, რომელსაც ამჟამად უკრაინა განიცდის - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გაეროში განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა 78-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას თქვა, საქართველო გლობალურად იბრძვის მშვიდობის, კეთილდღეობის, პროგრესისა და მდგრადობისთვის.
"გულს გვტკენს გაეროს წევრი სახელმწიფოს წინააღმდეგ გამოხატული აგრესია. სრულად ვგრძნობთ იმ ტკივილსა და გაჭირვებას, რომელსაც ამჟამად უკრაინა განიცდის და სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინელ ხალხს"- თქვა მან.
საქართველოს პრემიერის თქმით, საქართველოს მთავრობა მივუერთდა, მხარი დავუჭირა და ხელი მოვაწერა 500-ზე მეტ რეზოლუციას, განცხადებას, ერთობლივ კომუნიკეს და სხვა ინიციატივებს უკრაინის მხარდასაჭერად.
ამასთან, ღარიბაშვილის თქმით, დასავლელმა პარტნიორებმა, მათ შორის შეერთებულმა შტატებმა, ევროკავშირმა და დიდმა ბრიტანეთმა, არაერთხელ შეაქო საქართველოს შესაბამისობა საერთაშორისო ფინანსურ სანქციებთან.
პრემიერის განცხადებით, საქართველოს მთავრობა უკრაინას არსებით ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს ომის დაწყების დღიდან.
ეს ხდება ქვეყნის და ინდივიდების დონეზე, რომლებიც ამჟამად ცხოვრობენ საქართველოში. ქართულმა სკოლებმა 2200-ზე მეტი უკრაინელი მოსწავლე მიიღო და უკრაინულ ენაზე უზრუნველყოფენ სწავლებას ოფიციალური, უკრაინული სასწავლო პროგრამით"- დასძინა პრემიერმა.