"არ ვიცი, თქვენგან შევიტყვე, სამწუხარო ფაქტია" - "ოცნების" პირველი რეაქცია გლდანში მომხდარ თავდასხმაზე

23.09.23 10:35
"არ ვიცი, თქვენგან შევიტყვე, სამწუხარო ფაქტია" - "ოცნების" პირველი რეაქცია გლდანში მომხდარ თავდასხმაზე

არ ვიცით, არაფერი გაგვიგია, თუ ასე მოხდა სამწუხარო ფაქტია - ეს პასუხები ჰქონდათ გუშინ გლდანში მომხდარი ძალადობის შემდეგ, მმართველ პარტიაში. 

დავით მათიკაშვილის თქმით, მომხდარზე შესაბამისი უწყებები რეაგირებას მოახდენენ.

არ ვიცი, თქვენგან შევიტყვე, მე ახლა კონკრეტულ კომენტარს ვერ გავაკეთებ. ერთადერთი შემიძლია ვთქვა, რომ თუ ნამდვილად მოხდა ეს ფაქტი, ეს არის სამწუხარო ფაქტი და აუცილებლად, საგამოძიებო და შსს შესაბამის რეაგირებას მოახდენენ და შესაბამის ნაბიჯებს გადადგამენ ამ კუთხით". - ამბობს დავით მათიკაშვილი. 

ცნობისთვის, თბილისის საკრებულოში მომხდარი დაპირისპირებისა და ხელჩართული ჩხუბის შემდეგ, ირაკლი ეძგვერაძეს საკუთარ სახლთან ჩასაფრება მოუწყვეს, თავს დაესხნენ და სასტიკად სცემეს. ნაცემი არიან დეპუტატის მეგობრებიც. მათ მძიმე დაზიანებები აღენიშნებათ.

დაზარალებული ირაკლი ეძგვერაძე მასზე თავდასხმის დამკვეთად "ოცნების" დეპუტატ კოტე ზარნაძეს ასახელებს. 

ამასთან, ოპოზიციონერმა დეპუტატმა დაადასტურა ინფორმაცია, რომ ძალადობაში ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტები, ძმები შუკაკიძეები მონაწილეობდნენ. 

ოპოზიციონერ დეპუტატზე თავდასხმის შემდეგ, გლდანში ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა, ხმაურისა და პოლიციასთან შელაპარაკების შემდეგ, შსს-მ ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის წევრები ნიკა მელია, ზვიად კუპრავა და ბაჩო დოლიძე დააკავა.

მსგავსი სიახლეები