"ოპოზიციონერების მხრიდან წინასწარ განაჩენების დაყენება არასწორია" - სარჯველაძე ეძგვერაძეზე თავდასხმაზე

23.09.23 10:44
"ოპოზიციონერების მხრიდან წინასწარ განაჩენების დაყენება არასწორია" - სარჯველაძე ეძგვერაძეზე თავდასხმაზე

რა მოხდა, ვინ რა დააშავა, ამას საგამოძიებო გაარკვევს  - ასე ეხმაურება "ოცნების" წევრი მიხეილ სარჯველაძე გლდანში ენმ-ს წევრ ირაკლი ეძგვერაძეზე თავდასხმას.

სარჯველაძე ამბობს, რომ ოპოზიციონერების მხრიდან წინასწარ განაჩენების დაყენება არასწორია.

მინდა პირდაპირ გავემიჯნო ძალადობრივ აქტებს. რა მოხდა კონკრეტულად, ვინ რა დააშავა და როგორ დააშავა, ამას საგამოძიებო ორგანოები დაინტერესებიან და გაარკვევენ. შესაბამისად, ამის შემდეგ გვექნება დასკვნების გამოტანის შესაძლებლობა. ოპოზიციონერების მხრიდან წინასწარ რაღაცა განცხადებების კეთება, განაჩენების დაყენება არასწორია.  ყველას უნდა მოვუწოდო, რომ ძალადობა არ არის დასაშვები ფორმა, შესაწყნარებელი რამ და ყველას უნდა მოვუწოდო, რომ შეწყვიტონ ძალადობა". - განაცხადა სარჯველაძემ.

ცნობისთვის, თბილისის საკრებულოში მომხდარი დაპირისპირებისა და ხელჩართული ჩხუბის შემდეგ, ირაკლი ეძგვერაძეს საკუთარ სახლთან ჩასაფრება მოუწყვეს, თავს დაესხნენ და სასტიკად სცემეს. ნაცემი არიან დეპუტატის მეგობრებიც. მათ მძიმე დაზიანებები აღენიშნებათ.

დაზარალებული ირაკლი ეძგვერაძე მასზე თავდასხმის დამკვეთად "ოცნების" დეპუტატ კოტე ზარნაძეს ასახელებს. 

ამასთან, ოპოზიციონერმა დეპუტატმა დაადასტურა ინფორმაცია, რომ ძალადობაში ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტები, ძმები შუკაკიძეები მონაწილეობდნენ. 

ოპოზიციონერ დეპუტატზე თავდასხმის შემდეგ, გლდანში ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა, ხმაურისა და პოლიციასთან შელაპარაკების შემდეგ, შსს-მ ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის წევრები ნიკა მელია, ზვიად კუპრავა და ბაჩო დოლიძე დააკავა.

მსგავსი სიახლეები