გუშინდელმა მოვლენებმა აჩვენა კრიმინალური სინდიკატის მიერ საქართველოს ხელისუფლების მართვა - დეკანოიძე

23.09.23 11:20
გუშინდელმა მოვლენებმა აჩვენა კრიმინალური სინდიკატის მიერ საქართველოს ხელისუფლების მართვა - დეკანოიძე

გუშინდელმა მოვლენებმა აჩვენა კრიმინალური სინდიკატის მიერ საქართველოს ხელისუფლების მართვა - ამის შესახებ დიღმის მთავარ სამმართველოსთან მისულმა ოპოზიციონერმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ირაკლი ეძგვერაძეზე თავდასხმამ და შემდეგ განვითარებულმა მოვლენებმა ნათლად აჩვენა, რომ საქართველოში ყველა სახელმწიფო ინსტიტუტის მთავარი შრე არის კრიმინალური შრე.

დეკანოიძე ამბობს, რომ ნიკა მელიას და ყველა იმ ადამიანის დაპატიმრება, კიდევ ერთხელ აჩვენებს, თუ რა განუკითხაობაა საქართველოში.

გუშინდელმა მოვლენებმა აჩვენა პრაქტიკულად კრიმინალური სინდიკატის მიერ მართვა საქართველოს ხელისუფლების  და საქართველოს ხელისუფლების ყველა შრის, რომელიც საბოტაჟს უქმნის საქართველოს ევროინტეგრაციის მიმართულებით. საკრებულოს წევრები, თბილისის მერის უახლოესი გარემოცვა მათ შორის ის დეპუტატი, რომელმაც გადაწყვიტა ქურდბაცაცების და "კანონიერი ქურდის" მეშვეობით შესაძლებელია, პოლიტიკური განცხადების გამო სახლთან დახვდეს, გამოაგზავნოს მთელი კრიმინალური სინდიკატი და გაუსწორდეს ადამიანს, ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოში ყველა სახელმწიფო ინსტიტუტის მთავარი შრე, არის კრიმინალური შრე. შესაბამისად, ნიკა მელიას და ყველა იმ ადამიანის დაპატიმრება, კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ მაშინ როდესაც "კანონიერი ქურდის" გარემოცვა დააპატიმრონ, მაშინ, როდესაც უნდა დასაჯონ ადამიანები, რომლებიც უსწორდებიან პოლიტიკოსებს  და ყველაზე მნიშვნელოვანი, ადამიანები რომლებიც ყველაფერს კადრულობენ და საქართველოს საკანონმდებლო სივრცე, კონსტიტუცია და სისხლის სამართლებრივი სივრცე ჰგონიათ საკუთარი გამგებლობის ქვეშ, ამის მაგივრად დააპატიმრეს ნიკა მელია და ის ადამიანები, რომლებიც მივიდნენ სოლიდარობისთვის". - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ცნობისთვის, თბილისის საკრებულოში მომხდარი დაპირისპირებისა და ხელჩართული ჩხუბის შემდეგ, ირაკლი ეძგვერაძეს საკუთარ სახლთან ჩასაფრება მოუწყვეს, თავს დაესხნენ და სასტიკად სცემეს. ნაცემი არიან დეპუტატის მეგობრებიც. მათ მძიმე დაზიანებები აღენიშნებათ.

დაზარალებული ირაკლი ეძგვერაძე მასზე თავდასხმის დამკვეთად "ოცნების" დეპუტატ კოტე ზარნაძეს ასახელებს. 

ამასთან, ოპოზიციონერმა დეპუტატმა დაადასტურა ინფორმაცია, რომ ძალადობაში ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტები, ძმები შუკაკიძეები მონაწილეობდნენ. 

ოპოზიციონერ დეპუტატზე თავდასხმის შემდეგ, გლდანში ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა, ხმაურისა და პოლიციასთან შელაპარაკების შემდეგ, შსს-მ ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის წევრები ნიკა მელია, ზვიად კუპრავა და ბაჩო დოლიძე დააკავა.

 

მსგავსი სიახლეები