გამორიცხულია მისი მონაწილეობა, ეს არის რაღაც სხვა პროცესის შედეგი - საკრებულოს უმრავლესობა ზარნაძეს იცავს

23.09.23 13:17
გამორიცხულია მისი მონაწილეობა, ეს არის რაღაც სხვა პროცესის შედეგი - საკრებულოს უმრავლესობა ზარნაძეს იცავს

კონსტანტინე ზარნაძეს კოლეგები იცავენ. საკრებულოს უმრავლესობაში უჭირთ კავშირის დანახვა დეპუტატის ცემასა და საკრებულოში მომხდარ ინციდენტს შორის

ოთარ გრიგოლია პოლიტიკურ ანგარიშსწორებას კატეგორიულად გამორიცხავს და ასევე ამბობს, რომ გამორიცხულია ზარნაძის მონაწილეობა ამ პროცესში.

იყო ფიზიკური შეხლა-შემოხლა, თუმცა ეს ხდება ძალიან ხშირად საკრებულოში. ამაზე პირდაპირ ისრების გადმოტანა აბსურდულია. პოლიტიკურ ანგარიშსწორებას, რა თქმა უნდა, გამოვრიცხავ. ეს არის რაღაც სხვა პროცესის შედეგი. თუმცა, მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენ ველოდებით შესაბამის ორგანოებს, რომ კითხვებს პასუხი გაეცეს. არ ვიცი ვინ იყვნენ თავდამსხმელები და რა მოტივი ამოძრავებდათ მათ. მე ვიცნობ კოტე ზარნაძის პიროვნებას, მასთან ვისაუბრე კიდეც. გამორიცხულია მისი მონაწილეობა ამ პროცესში". - აცხადებს გრიგოლია.

ცნობისთვის, თბილისის საკრებულოში მომხდარი დაპირისპირებისა და ხელჩართული ჩხუბის შემდეგ, ირაკლი ეძგვერაძეს საკუთარ სახლთან ჩასაფრება მოუწყვეს, თავს დაესხნენ და სასტიკად სცემეს. ნაცემი არიან დეპუტატის მეგობრებიც. მათ მძიმე დაზიანებები აღენიშნებათ.

დაზარალებული ირაკლი ეძგვერაძე მასზე თავდასხმის დამკვეთად "ოცნების" დეპუტატ კოტე ზარნაძეს ასახელებს. 

ამასთან, ოპოზიციონერმა დეპუტატმა დაადასტურა ინფორმაცია, რომ ძალადობაში ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტები, ძმები შუკაკიძეები მონაწილეობდნენ. 

ოპოზიციონერ დეპუტატზე თავდასხმის შემდეგ, გლდანში ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა, ხმაურისა და პოლიციასთან შელაპარაკების შემდეგ, შსს-მ ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის წევრები ნიკა მელია, ზვიად კუპრავა და ბაჩო დოლიძე დააკავა.

მსგავსი სიახლეები