"ოცნებამ" თქვა, რომ ყველა განსხვავებული აზრის მქონე ადამიანს სახლში ტიტუშკებს გავუგზავნით - კირთაძე

23.09.23 13:28
"ოცნებამ" თქვა, რომ ყველა განსხვავებული აზრის მქონე ადამიანს სახლში ტიტუშკებს გავუგზავნით - კირთაძე

ენმ-ს წევრის გიორგი კირთაძის განცხადებით, გუშინ გლდანში მომხდარმა თავდასხმამ და მერე ოპოზიციონერი ლიდერების დაკავებებმა კარგად აჩვენეს, რა მესიჯი აქვს ხელისუფლებას, როგორც ქვეყნის შიგნით ისე ქვეყნის გარეთ.

კირთაძის თქმით, "ოცნებამ" ყველა განსხვავებული აზრის მქონე ადამიანს უთხრა, რომ სახლში ტიტუშკებს გაუგზავნიან და ცემენ.

ძალიან მკაფიო მესიჯი იყო გუშინდელი დღით გაგზავნილი "ოცნების" მხრიდან, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. მათ თქვეს, რომ ყველა განსხვავებული აზრის მქონე ადამიანს, რომელიც განცხადებას გააკეთებს, სახლში ტიტუშკებს გავუგზავნით. ამის გასაპროტესტებლად მისულ მეგობრებს ან ოპოზიციის ლიდერებს, რომელიც პასუხს მოსთხოვენ პოლიციას, თუ რატომ არ აკავებენ ისინი კრიმინალს, დავაკავებთ და უფრო მეტიც, სისხლის სამართლის საქმეც შეიძლება აღვუძრათო. ეს მესიჯი ხომ ცალსახად ნიშნავს იმას, რომ ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელიც ამ ქვეყანაში მცხოვრები ადამიანების კეთილდღეობაზე და ევროპისკენ სვლაზე კი არ ფიქრობს, არამედ ამ რაღაცა გზაგამყოფი მეორე მხარეს, უფსკრულში რუსეთისკენ გვექაჩება". - აცხადებს გიორგი კირთაძე. 

ცნობისთვის, თბილისის საკრებულოში მომხდარი დაპირისპირებისა და ხელჩართული ჩხუბის შემდეგ, ირაკლი ეძგვერაძეს საკუთარ სახლთან ჩასაფრება მოუწყვეს, თავს დაესხნენ და სასტიკად სცემეს. ნაცემი არიან დეპუტატის მეგობრებიც. მათ მძიმე დაზიანებები აღენიშნებათ.

დაზარალებული ირაკლი ეძგვერაძე მასზე თავდასხმის დამკვეთად "ოცნების" დეპუტატ კოტე ზარნაძეს ასახელებს. 

ამასთან, ოპოზიციონერმა დეპუტატმა დაადასტურა ინფორმაცია, რომ ძალადობაში ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტები, ძმები შუკაკიძეები მონაწილეობდნენ. 

ოპოზიციონერ დეპუტატზე თავდასხმის შემდეგ, გლდანში ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა, ხმაურისა და პოლიციასთან შელაპარაკების შემდეგ, შსს-მ ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის წევრები ნიკა მელია, ზვიად კუპრავა და ბაჩო დოლიძე დააკავა.

 

მსგავსი სიახლეები