ფარცხალაძის პირველი მილიონი ნათია თურნავას ხელმოწერით - ჟურნალისტური გამოძიება
ფარცხალაძე-თურნავას კავშირები - ეროვნული ბანკის პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელს დღეს აღარ სურს გაიხსენოს, როგორ აღმოჩნდა მისი ერთი ხელმოწერით, ყოფილი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის კუთვნილი კომპანიის ანგარიშზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1 მილიონი ლარი.
2016 წლის 6 დეკემბერს, სახელმწიფო კომპანიამ "აეროსტრუქტურების ტექნოლოგიები" ოთარ ფარცხალაძისგან მიწის ნაკვეთი 1 275 000 ლარად შეიძინა. ეს დოკუმენტები აჩენს ეჭვს, რომ სახეზე იყო ფარცხალაძისთვის ხალხის ფულის ჩუქების სპეცოპერაცია, თუმცა ნათია თურნავას ამაზე საუბარი არ უნდა.
5 წლის 25 აგვისტო მაშინდელი პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი გამოსცემს განკარგულებას, რომ სახელმწიფოს კუთვნილი 62887 კვ.მ ტერიტორია, კომპანია შპს "როიალ დეველოფმენტს" 200 000 ლარად უნდა მიჰყიდონ.
მიწა სტრატეგიულ ადგილზე, აეროპორტთან ახლოს, აუქციონის გარეშე, პირდაპირ "როიალ დეველოფმენტს" გადაეცა. ამ გარიგებიდან მალევე, 2015 წლის 18 სექტემბერს, ამ კომპანიის 40%-იანი წილის მფლობელი, ფარცხალაძე გახდა.
როგორ აღმოჩნდა მსხვილი ბიზნესის წილის მფლობელი ყოფილი პროკურორი? - დოკუმენტებით ირკვევა, რომ ეს გარიგება ფიქტიური იყო. კომპანიის 40%-იანი წილი ოთარ ფარცხალაძემ 30 ლარად შეიძინა.
მას შემდეგ რაც ოთარ ფარცხალაძემ ბიზნესის წილი ორ კოლოფი სიგარეტის ფასად იყიდა, მას 62887 კვ.მ ტერიტორიაზე 10 000 000 ლარის ინვესტიცია უნდა ჩაედო, თუმცა ფარცხალაძეს აქ თითი-თითზე არ დაუდია, წელიწადსა და სამ თვეში ეს ტერიტორია ისევ სახელმწიფოზე გადაყიდა. მაშინ საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ნათია თურნავა იყო.
მისი ხელმოწერით, 200 000 ლარად ნაყიდ მიწაში სახელმწიფომ ერთი მილიონ ლარზე მეტი გადაიხადა.