"ველომოყვარული ოთარ ფარცხალაძე" - როგორ ნიღბავდა ჯაშუშურ საქმიანობას ღრმა დაშიფვრის სავარაუდო აგენტი

23.09.23 21:39
"ველომოყვარული ოთარ ფარცხალაძე" - როგორ ნიღბავდა ჯაშუშურ საქმიანობას ღრმა დაშიფვრის სავარაუდო აგენტი

"ველომოყვარული ოთარ ფარცხალაძე" - "შაბათის ეთერმა" ტულაში საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორის სახელზე გაფორმებულ ველორბოლის კლუბს მიაგნო. 

ყველაფერი 2021 წლის აგვისტოში დაიწყო, როცა რუსეთის ქალაქ ტულას, ისტორიულ ველოტრეკზე ოთარ ფარცხალაძე ჩნდება. ველომბრბოლელობით ცნობილ ქალაქში, საქართველოს გადაყენებული პროკურორი ამბობს, რომ სპორტის ეს სახეობა იტაცებს და მზად არის, ამ დარგის აღორძინებას ხელი შეუწყოს. 

რუსული პასპორტით ჯიბეში, 2021 წლის 6 აგვისტოს, ოთარ ფარცხალაძე ტულაში ველომოყვარულთა კლუბ "აღოძინებს" აფუძნებს და მის გენერალურ მენეჯერად, ცნობილ მწვრთნელს მიხეილ როსტოვცევს ნიშნავს. რაც აჩენს ეჭვს, რომ ფარცხალაძის მიზანი, ამ დროს რუსეთში ჯაშუშური საქმიანობის კარგად შენიღბვა იყო, მეცენატი და სპორტის ამ სახეობის ამაღორძინებლის სახელი კი ყველაზე კარგი საშუალებაა. 

ველომოყვარულთა კლუბის "აღორძინების" რიგებში, ქართველ და რუს სპორტსმენებს რიცხავენ, ქალაქ ტულას ნაციონალურ ახალი ამბების სააგენტო, 2021 წლის 14 დეკემბერს წერდა, რომ ამ კლუბით "ქართულ-რუსული ხიდების" აღდგენა უნდა დაიწყოს, პრეზენტაციაზე ტულას მერი კი ამბობდა, რომ "ქართველებთან მეგობრობას" არაფერი ჯობია. ველოსპორტის ფედერაციაში "შაბათის ეთერს" უდასტურებენ, რომ ტულას კლუბთან კავშირები დამყარდა, მათ კარგად იციან,  "აღორძინების" შესახებაც. 

ველომბრბოლელი გიორგი ხორგუანი ადასტურებს, რომ 14 დეკემბერს ის ტულაში ჩაიყვანეს, მასთან ერთად იმყოფებოდა ველომბრბოლელთა ფედერაციის პრეზიდენტი ომარ ფხაკაძე და კიდევ ორი სპორტსმენი. 

ქართველი სპორტსმენების რუსულ კლუბში ჩაყვანის შემდეგ, ოთარ ფარცხალაძეს, როგორც ჩანს, ველორბოლის სიყვარული დაივიწყა და მეორე დღესვე 2021 წლის 15 დეკემბერს კლუბის წილი დირექტორის სახელზე გადააფორმა.

ირკვევა, რომ ახლა ფარცხალაძის გადებულ ხიდებს, ტულას ველოსპორტის მოყვარულთა კლუბი სანქცირებული სპორტსმენების საერთაშორისო ასპარეზობებზე გასაშვებად იყენებს. 

ველოსპორტის მოყვარული ოთარ ფარცხალაძის დაფუძნებული კლუბის "აღორძინების" გენერალური მენეჯერი როსტოვცევი რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიასთან ინტერვიუში, 2023 წლის თებერვალში ამბობს, რომ სანქცირებული რუსი სპორტსმენები საერთაშორისო ასპარეზობაზე გასასვლელად საქართველოს სახელს იყენებენ. სქემა ასეთია - რუსი სპორტსმენები უცხოეთში ქართული კლუბების წარდგინებით მიდიან. 

ველოსპორტის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი საქართველოში არ იმყოფება, სწორედ ის ესწრებოდა დიდი შეკრებას ტულაში. ველოსპორტის თბილისის ფედერაციაში კი არ უარყოფენ კავშირს ტულას ორგანიზაცია "აღორძინებასთან", თუმცა ამბობდნენ, რომ არ იცოდნენ, თუ ეს ფარცხალაძის დაფუძნებულია და მის მფლობელობაში იყო. 

ველომრბოლელებს საქართველოში ოთარ ფარცხალაძე ველოტრეკზე არასდროს უნახავთ, უეცრად რუსეთში სპორტის ამ სახელობის მიმართ გამოვლენილი სიყვარული გვიჩენს ეჭვს, რომ ფარცხალაძე სპორტული კლუბის დაფუძნებით მის ჯაშუშურ საქმიანობას ნიღბავდა.  

მსგავსი სიახლეები