ხელოვნების მუზეუმის ისტორიულ შენობას დასანგრევად ამზადებენ
ხელოვნების მუზეუმის ისტორიულ შენობას დასანგრევად ამზადებენ. კულტურის მინისტრი ამტკიცებს, რომ ნაგებობა იმდენად მძიმე მდგომარეობაშია, რომ მისი რეაბილიტაცია შეუძლებელია.
ირკვევა, რომ თეა წულუკიანმა ისტორიული შენობის აღდგენის პროექტი დაუკვეთა და მასში დიდი ფულიც გადაიხადა, მაგრამ კომპანიები მშენებლობაზე უარს ამბობენ. მინისტრს არ დაუკონკრეტებია, თუ რომელმა კომპანიამ უთხრა უარი ხელოვნების მუზეუმის რეაბილიტაციაზე.
ისტორიკოსებს და ხელოვანებს აქვთ ეჭვი, რომ კულტურის მინისტრი ახლაც არაკომპეტენტურად და პროფესიული წრეების ჩართულობის გარეშე დაიწყებს ეროვნული მნიშვნელობის ძეგლის განახლებას, ეს კი საბოლოოდ ნგრევამდე მივა. ხელოვნებათმცოდნეები პარალელს გელათის განადგურებასთან ავლებენ.
ხელოვნებათმცოდნე ეკა კიკნაძის თქმით, მომზადებული რეაბილიტაციის პროექტი რეალობასთან შეუსაბამო აღმოჩნდა, გარდა ამისა, პროექტის განხორციელებაზე უარი განაცხადეს სხვა კომპანიებმა. ეკა კიკნაძე ამბობს, რომ თეა წულუკიანი პროცესის ერთპიროვნული მმართველია.
მათ მიმართეს უცნობ კომპანიას უცნობ პროფესიულ ჯგუფს და მათ შეადგენინეს რეაბილიტაციის პროექტი. პროექტი, რომელშიც გადაიხადეს საკმაოდ სოლიდური თანხა საქართველოს ბიუჯეტიდან. ეს მომზადებული პროექტი აღმოჩნდა რეალობასთან შეუსაბამო და სხვა კომპანიებმა უარი განაცხადეს მის განხორციელებაზე. პროცესი არის გასაიდუმლოებული. მას ერთპიროვნულად მართავს წულუკიანი, ის არჩევს კომპანიებს, ის არჩევს სპეციალისტებს. ეს არის არაჩვეულებრივად ცუდი სცენარი, ვინაიდან გელათის შემთხვევაში ძეგლმა მიიღო შეუქცევადი დაზიანებები, ახლა ჩვენ ვხედავთ ზუსტად იგივეს ხელოვნების მუზეუმთან", - ამბობს ხელოვნებათმცოდნე, ეკა კიკნაძე.
იურისტი სულხან სალაძის თქმით, შენობა დასანგრევადაა განწირული, თუმცა ამ დრომდე კულტურის სამინისტროდან არ ყოფილა რეაგირება ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად.
პრაქტიკულად მინისტრმა საზოგადოებას უთხრა, რომ ისინი თავს ვერ ართმევენ შენობის გადარჩენის საკითხს, ეს ნიშნავს, რომ შენობა განწირულია დასანგრევად. რატომ, რა მიზეზით, ვისი ინტერესი შეიძლება იყოს ამ ყველაფრის უკან, ეს მეორე საკითხია. მინისტრმა უნდა გაასაჯაროვოს ყველა ინფორმაცია, რაც უკავშირდება კომპანიებს, ვისთანაც ჰქონდა მას საუბარი, რომელი გეგმით ესაუბრებიან და რა არის მოთხოვნები", - ამბობს იურისტი, სულხან სალაძე.