ტატო ხუნდაძეს არ ვიცნობ, კადრებში ამოვიცანი და მერე მითხრეს ვინც იყო - ირაკლი ეძგვერაძე
თბილისის საკრებულოს დეპუტატი ირაკლი ეძგვერაძე ირწმუნება, რომ მისი ცემის ფაქტზე დაკავებულ ტატო ხუნდაძეს საერთოდ არ იცნობს. ამასთან, დეპუტატი ამბობს, რომ ხუნდაძე 2020 წელს მასზე თავდასხმის ამსახველ კადრებშიც ამოიცნეს.
ირაკლი ეძგვერაძე, რომელიც ამ დრომდე მკურნალობას კლინიკაში გადის, პირდაპირ ამბობს, რომ თავდამსხმელები ხელისუფლებასთან დაახლოებული პირები არიან და შესაბამისად, საქმეზე ობიექტური გადაწყვეტილების იმედი არა აქვს.
არც ვიცნობ ამ ადამიანს, უბრალოდ, ამოვიცანი და მერე მე მითხრეს სახელი და გავრი, ვინ იყო. მერე მე მითხრეს, 2020-ის არჩევნებში იარაღით რომ მომივარდნენ, იქ, კადრებში ჩანს. ეს ადამიანები, ყველანი, არიან სუსთან, პოლიციასთან, ხელისუფლებასთან დაახლოებული ადამიანები და აკეთებინებენ ამ სიბინძურეებს და ახლა, ამ აბსურდზე რა კომენტარი უნდა გავაკეთო, ასეულობით მოწმე, მშობლები, ბავშვები, მთელი უბანი უყურებდა. ეს არის ახლა უნიჭო რაღაც კიდევ მასკარადი, სპექტაკლი, გადაფარვა იმ დანაშაულის, იმ სილაჩრის. ჩამოყალიბდნენ, რამენი ვერსია აქვთ, ზოგი რას იძახის, ზოგი რას ამბობს. რა მოლოდინი უნდა მქონდეს ან გამოძიებაზე ან ამ დასანქცირებულ სასამართლოზე. საერთოდ, ან პროკურატურაზე?, - ამბობს ეძგვერაძე.
"პირველებმა" გაარკვია, რომ ეძგვერაძის ცემის ფაქტზე 6 დაკავებულიდან ერთი, ტატო ხუნდაძე ბრალს აღიარებს. ის დღეს მომხდარის შესახებ სასამართლო პროცესზე დეტალურად ისაუბრებს.