საგამოძიებო კომისია შოვის ტრაგედიაზე - დეპუტატები კომისიის შექმნაზე გახარიას გუნდის გადაწყვეტილებას ელოდებიან
ვის უპასუხისმგებლობას და დაუდევრობას შეეწირა შოვში 33 ადამიანის სიცოცხლე. ამის დასადგენად პარლამენტში დეპუტატების ნაწილს საგამოძიებო კომისიის შექმნა უნდა. ახლა ოპოზიცია ექსპრემიერის გუნდს ელოდება.
გიორგი გახარიას თანამოაზრეებმა უნდა თქვან, რა პოზიცია აქვთ ვახტანგ გომელაურის მოსმენის შემდეგ და ჩანს თუ არა ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან გულგრილობა, შეიძლებოდა თუ არა ტრაგედიის თავიდან არიდება. საგამოძიებო კომისიის შექმნას 50 ხმა სჭირდება და სწორედ ამიტომ გახარიას გუნდის პოზიცია უმნიშვნელოვანესია.
პარტია "ლელო საქართველოსთვის" წევრის, ანა ნაცვლიშვილის თქმით, შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით პასუხისმგებელ უწყებასთან კითხვები გადაგზავნილი აქვს, მაგრამ პასუხები ხელისუფლების მხრიდან არ მიუღია. ნაცვლიშვილი ამბობს, რომ ხელისუფლებას ადრე თუ გვიან პასუხისგება მოუწევს შოვის ტრაგედიაზე.
გაგზავნილი მაქვს რამდენიმე ათეული კონკრეტული შეკითხვა შოვთან მიმართებით, მაგრამ ამ შეკითხვებზე პასუხები არ არის ხელისუფლების მხრიდან, რაც ადასტურებს იმას, რაც პირველივე დღეებში იყო ნათელი. შოვში ჩადენილია დანაშაული, ხელისუფლებას მოუწევს ამ დანაშაულზე ადრე თუ გვიან აგოს პასუხი. ეს საკითხი საპარლამენტო დღის წესრიგში დგას და რამდენადაც ვიცი, ინიციატორის სურვილით, ეს თემა დაბრუნდება ოქტომბრის პირველ სასესიო კვირაში", - ამბობს პარტია "ლელო საქართველოსთვის" წევრი, ანა ნაცვლიშვილი.
"ენმ"-ს წევრის ლაშა ფარულავას თქმით, 12 წერილი გაუგზავნა შსს-ს, მაგრამ პასუხები არ მიუღია. ფარულავა ამბობს, რომ ერთადერთი ინსტრუმენტი საგამოძიებო კომისიის შექმნაა, რათა ხელისუფლებამ მოიტანოს მტკიცებულებები, თუ რა მოხდა შოვში.
12 წერილი გავუგზავნეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, არცერთ წერილზე პასუხი არ მიგვიღია, რაც სასამართლოში გავასაჩივრეთ და შინაგან საქმეთა სამინისტროს ვიბარებთ სასამართლოში, რომ გაგვცეს კონკრეტულ შეკითხვებზე პასუხი. ერთადერთი ინსტრუმენტი არის საგამოძიებო კომისია, სადაც შეგვიძლია ოპოზიციამ ერთად მოვთხოვოთ ხელისუფლებას კონკრეტულ შეკითხვებზე მოიტანოს პასუხები და ეს პასუხები იყოს დოკუმენტების სახით, რომელსაც ჩვენ ვითხოვთ და არცერთ პოლიტიკურ ძალას პასუხებს არ სცემს შინაგან საქმეთა სამინისტრო და სხვა უწყებები, შესაბამისად ჩვენ უნდა ვიმუშაოთ ერთად, რომ ხელისუფლება ვაიძულოთ, მოიტანოს მტკიცებულებები, თუ რა მოხდა შოვში", - ამბობს "ენმ"-ს წევრი, ლაშა ფარულავა.