საქმე არის თავიდან ბოლომდე პოლიტიზებული - დაზარალებული ზარასპაშვილი გამოძიებას უნდობლობას უცხადებს

25.09.23 13:13
საქმე არის თავიდან ბოლომდე პოლიტიზებული - დაზარალებული ზარასპაშვილი გამოძიებას უნდობლობას უცხადებს

ძალადობა გლდანში ოპოზიციონერ დეპუტატსა და მის სამეგობროზე - საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში დაზარალებული ჯაბა ზარასპაშვილის დაკითხვა მიმდინარეობს. ზარასპაშვილი დეპუტატ ირაკლი ეძგვერაძის მეგობარია და გლდანში სწორედ მასთან ერთად გაუსწორდნენ ფიზიკურად.

ზარასპაშვილის გამოკითხვას ესწრება სასამართლო დარბაზში 6 დაკავებულიც. როგორც ზარასპაშვილი ამბობს, ის საგამოძიებო უწყებებს არ ენდობა და სწორედ ამიტომ მოითხოვა გამოკითხვა მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით.

დამირეკეს შსს-დან, რომ მივსულიყავი გამოკითხვაზე, რაზეც უარი ვუთხარი და განვუმარტე, რომ ეს საქმე არის თავიდან ბოლომდე პოლიტიზირებული, დაგეგმილი იყო სუს-ის მიერ. ამიტომ ვთქვი, რომ ჩვენებას მივცემდი მხოლოდ მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით. 

ყველა სხვა ვერსია არის მათ მიერ შეკერილი, ვითომ ვინმესთან პირადი უთანხმოების გამო მოხდა ჩხუბი. ყველაფერი დაიწყო საკრებულოში ეძგვერაძის სიტყვით გამოსვლის დროს. ჩავედი მოპირდაპირე კორპუსამდე, სადაც ეს ადამიანები მოსდევდნენ და დაღლილობისგან წავიქეცი, გავითიშე და რომ ამოვბრუნდი, ვნახე რომ 20 წლის ბავშვს ურტყამდნენ.

ყველაფერი, რასაც დღეს უყურებთ არის ფორმალობა. ტატუ ხუნდაძე აპირებს თავის თავზე აღებას თუ ვინმე სხვა, ეს ყველაფერი არის დაგეგმილი სცენის სპექტაკლის ნაწილი,“ - ამბობს ჯაბა ზარასპაშვილი.
 

მსგავსი სიახლეები