ცხინვალის შერჩევითი მობილობის პოლიტიკა კორუფციის და ახალგორელების დისკრიმინაციის წყაროა - DRI

25.09.23 13:33
ცხინვალის შერჩევითი მობილობის პოლიტიკა კორუფციის და ახალგორელების დისკრიმინაციის წყაროა - DRI

ცხინვალის შერჩევითი მობილობის პოლიტიკა კორუფციის და ახალგორელების დისკრიმინაციის წყაროა - ან ინფორმაციას დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი ავრცელებს.

ორგანიზაციის ცნობით, თვეებია ცხინვალის დე-ფაქტო რეჟიმი ოკუპირებული ახალგორის მოსახლეობას გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვების მოხსნას ჰპირდება, თუმცა ამ დრომდე საკითხი ადგილობრივების სასარგებლოდ არ მოგვარებულა.

DRI-ში მიიჩნევენ, რომ  იქიდან გამომდინარე, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე საშვებით გადაადგილების უფლება დე-ფაქტო უშიშროების კომიტეტის პრეროგატივაა, ახალგორიდან წასული ბევრი ქართველისთვის მშობლიურ სახლებში დროებით დაბრუნება ნებისმიერ დროს შეიძლება რისკის შემცველი აღმოჩნდეს.

საქართველოს მთავრობის კონტროლს ქვეშ მყოფი ტერიტორიებიდან ახალგორში შესვლის უფლებას ცხინვალი ჯერჯერობით მხოლოდ რაიონში დარჩენილი მარტოხელა და ხანდაზმული ადამიანების ნათესავებს და ოჯახის წევრებს აძლევს. მიუხედავად გადაადგილების რეჟიმის მოჩვენებითი შემსუბუქებისა, ამ უფლებით მოსარგებლეების რაოდენობა, სავარაუდოდ, დიდად არ გაიზრდება. იქიდან გამომდინარე, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე საშვებით გადაადგილების უფლება დე-ფაქტო უშიშროების კომიტეტის პრეროგატივაა, ახალგორიდან წასული ბევრი ქართველისთვის მშობლიურ სახლებში დროებით დაბრუნება ნებისმიერ დროს შეიძლება რისკის შემცველი აღმოჩნდეს. ამის გარდა, ისიც გასათვალისწინებელია, რომ დე-ფაქტო მთავრობა ამ უფლებით პირობითად მოსარგებლეებს გარკვეულ ვადას აძლევს საშვის გამოსაყენებლად. გაცემიდან გარკვეულ პერიოდში საშვის გამოუყენებლობის შემთხვევაში, საშვი ავტომატურად უქმდება.

რაც შეეხება გადაადგილების შესაძლებლობის მიცემას იმ ახალგორელებისთვის, ვინც მარტოხელა და ხანდაზმული არაა, ფიზიკურად გადაადგილება შეუძლია და ეკონომიკური ან სხვა მიზნებით გამყოფი ხაზის გადაკვეთა სურს, მათ დე-ფაქტო მთავრობა ხელოვნურ ბარიერებს უქმნის. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის ინფორმაციით, ახალგორის საჯარო სექტორში დასაქმებულებს, მათ შორის, მუნიციპალურ-ადმინისტრაციულ სამსახურებში მომუშავე პირებს, მასწავლებლებს და მედიცინის მუშაკებს (დამხმარე პერსონალის გარდა), დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ტერიტორიის დატოვება ეკრძალებათ.

საშვის მიღებასთან დაკავშირებული ხელოვნური დაბრკოლებები მოსახლეობას საშვის ასაღებად ქრთამის მიცემისკენ უბიძგებს. ეს კორუფციული მექანიზმი ადგილობრივი მუნიციპალური და უშიშროების სამსახურების ერთობლივი ეკონომიკური საქმიანობაა და მძიმე ტვირთად აწვება ეკონომიკურად შეჭირვებული რაიონის ქართულ მოსახლეობას.

შერჩევითი მობილობის პოლიტიკა განუზომლად დიდ ძალაუფლებას აძლევს ადგილზე მოქმედ კორუმპირებულ მოხელეებს და ახალგორის მოსახლეობას კორუფციის კიდევ უფრო მტკივნეული ჩაგვრის ქვეშ აყენებს. ამ საკითხის ყველაზე მძიმე ასპექტი ისაა, რომ ახალგორელებს ამ პრობლემის მოსაგვარებლად არავითარი სამართლებრივი ან ადმინისტრაციული სივრცე არ გააჩნიათ. დე-ფაქტო მთავრობის უსაფრთხოების იზოლაციონისტური პოლიტიკის ტყვეობაში მყოფი ახალგორელების ნაწილისთვის კორუფცია ადაპტაციის და გადარჩენის ერთადერთ გზად რჩება, თუმცა რაიონის მოსახლეობის უმეტესობას ადაპტაციის ამ მექანიზმისთვის შესაბამისი მატერიალურ-ეკონომიკური რესურსი არც გააჩნია," - წერია განცხადებაში. 

მსგავსი სიახლეები