შოვის სტიქიის შესახებ საბოლოო დასკვნაზე შვეიცარიული კომპანიაც იმუშავებს
შოვის სტიქიის გამომწვევი მიზეზების შესახებ საბოლოო დასკვნას ქართველი სპეციალისტები შვეიცარიულ კომპანიასთან თანამშრომლობით მოამზადებენ. ინფორმაცია ცნობილი შესყიდვების სააგენტოს სისტემაში გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გაკეთებული განაცხადით გახდა, რომელშიც ნათქვამია, რომ "2023 წლის 3 აგვისტოს მდ. ბუბისწყლის აუზში განვითარებულ სტიქიურ მოვლენასთან დაკავშირებით საზოგადოებას გააჩნია ლეგიტიმური კითხვები და საჭიროა მას უმოკლეს ვადებში გაეცეს პასუხი".
სახელმწიფო შვეიცარიულ კომპანიას "GEOTEST-ს" ამ დოკუმენტზე მუშაობისთვის ბიუჯეტიდან 42 000 ევროს გადაუხდის.
გარემოს ეროვნული სააგენტოს პოზიციით, უცხოელი სპეციალისტების ჩართვა დასკვნის მომზადების პროცესში მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ "ღვარცოფული ნაკადის გადაადგილების სიჩქარის და სტიქიის დაწყებიდან დასახლებულ ადგილამდე მისი მიღწევის დროის დაზუსტების მიზნით, საჭიროა დამატებითი კვლევები, რომელშიც გამოყენებულ იქნება მაღალი გარჩევადობის სატელიტური სურათები და თანამედროვე სამოდელო პროგრამები".
შვეიცარიულ კომპანიას, რომელთანაც იგეგმება თანამშრომლობა, საქართველოში მუშაობის გამოცდილება აქვს. GEOTEST იყო ჩართული დევდორაკის მყინვარზე მოვარდნილი მეწყრის ანალიზსა და სტიქიის ზონაში განგაშის სისტემის მოწყობის პროცესში. გეოლოგიური კომპანიას მოქმედი კონტრაქტი აქვს გარემოს დაცვის სააგენტოსთან, რომლის ფარგლებშიც ეხმარება უწყებას დევდორაკზე მოწყობილი განგაშის სისტემის მუშაობაში.
შესყიდვის დოკუმენტაციის მიხედვით, ქართველ სპეციალისტებს შვეიცარიული კომპანია უნდა დაეხმაროს:
- 3 აგვისტოს განვითარებული სტიქიური ჯაჭვური პროცესების აღწერაში;
- სხვადასხვა ქვეპროცესების (კლდეზვავი, მყინვარული ზვავი, ღვარცოფი და ა.შ) ანალიზსა და მოვლენის მოდელირებაში;
- კასკადური მოვლენების შეფასებაში, გენეზის და გამომწვევი ფაქტორების მიზეზ-შედეგობრივი კავშირების დადგენაში;
- პოტენციური საფრთხის შეფასებასა და სამომავლო სცენარების განსაზღვრაში;
- სცენარების მიხედვით მოდელირებასა და შესაძლო ზეგავლენის ზონების დადგენაში.
როდის იქნება გარემოს ეროვნული სააგენტოს საბოლოო დასკვნა შოვის სტიქიის შესახებ, კონკრეტული თარიღი უცნობია.
უწყება მიიჩნევს, რომ კრიტიკულად მნიშვნელოვანია კვლევები განხორციელდეს სექტემბერ-ოქტომბერში, რადგან კვლევების ჩატარება გართულდება და პრაქტიკულად შეუძლებელი იქნება წლის ცივ პერიოდში მაღალმთიან ზონაში რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო.
გარემოს ეროვნულმა სააგენტოს შოვის შესახებ პირველადი დასკვნა 7 აგვისტოს გამოაქვეყნა. ამ დოკუმენტში ნათქვამი იყო, რომ ექსტრემალური ხასიათის ღვარცოფული ნაკადის ფორმირება 2023 წლის 3 აგვისტოს მდინარე ბუბისწყლის ხეობაში სტიქიური გეოლოგიური და ჰიდრომეტეოროლოგიური პროცესების თანხვედრამ გამოიწვია.