სებ-ი ივანიშვილის არაფორმალური მმართველობის ეკონომიკური განყოფილება გახდა, ზურაბიშვილმა შეცდომები დაუშვა - გოცირიძე

25.09.23 15:06
სებ-ი ივანიშვილის არაფორმალური მმართველობის ეკონომიკური განყოფილება გახდა, ზურაბიშვილმა შეცდომები დაუშვა - გოცირიძე

 ეროვნული ბანკი ივანიშვილის არაფორმალური მმართველობის ეკონომიკური განყოფილება გახდა - ამის შესახებ "ევროოპტიმისტების" ლიდერმა, რომან გოცირიძემ განაცხადა. 

დეპუტატი სალომე ზურაბიშვილის მიერ დაშვებულ შეცდომებზე საუბრობს, მისი თქმით, "პრეზიდენტმა ყველაფერი გააფუჭა".  

რომან გოცირიძის თქმით,  ზურაბიშვილს კანდიდატურები რომ არ წარედგინა, სებ-ის ფუნქციონირება ფაქტობრივად ჩერდებოდა, დაიწყებოდა კონსულტაციები და კონსენსუსის საფუძველზე შესაძლებელი იქნებოდა მეტ-ნაკლებად ჯანსაღი საბჭოს მიღება. 

„ეროვნული ბანკის საბჭოში დღეს არის 6 წევრი, ერთს 2 თვეში ვადა გასდის, ამერიკის მოქალაქეა და რჩება 5 წევრი. ხუთივე სალომე ზურაბიშვილის წარდგენილია, ხუთივე - „ქართული ოცნების“ ყურმოჭრილი და მორჩილი ადამიანია. ეროვნული ბანკი ფაქტობრივად, გაუქმებულია, ივანიშვილის არაფორმალური მმართველობის ეკონომიკური განყოფილება გახდა ეროვნული ბანკი. თურნავამ 30 წლის განმავლობაში ეროვნული ბანკის ნაშენები ნდობა და რეპუტაცია 30 წამში ჩამოშალა. თუმცა, ეს თურნავას ხელით „ქართული ოცნების“ მიერ გაკეთდა.

დღეს ქვეყანაში მნიშვნელოვანი ამოცანაა, რომ ეროვნული ბანკის დარჩენილი 4 წევრიდან მაინც შეირჩეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი. ამ ხელისუფლების ამოცანაა, რომ სანამ სალომე ზურაბიშვილია პრეზიდენტი, დარჩეს მოვალეობის შემსრულებლად თურნავა. გარემოებათა გამო, როცა სამმა ვიცე- პრეზიდენტმა დატოვა თანამდებობა, ზურაბიშვილს ეს 2 კანდიდატურა რომ არ წარედგინა, ეროვნული ბანკის ფუნქციონირება ფაქტობრივად ჩერდებოდა და დაიწყებოდა მართლაც სერიოზული კონსულტაციები და კონსენსუსი საფუძველზე შესაძლებელი იქნებოდა მეტ-ნაკლებად ჯანსაღი ეროვნული ბანკის საბჭოს მიღება.

ყველაფერი გააფუჭა სალომე ზურაბიშვილმა. ეგონა საკუთარი კანდიდატურები წარადგინა - ერთი ოდიოზური ქალბატონი მევენახეობა-მებოსტნეობის სპეციალისტი აღმოჩნდა, მეორე კი კობახიძის ახლო მეგობარი. ამიტომ ზურაბიშვილმა შეცდომები დაუშვა, დაემორჩილა ივანიშვილის და “ქართული ოცნების" ზემოქმედებას, ყველა სამთავრობო კანდიდატურა მის მიერ არის წარდგენილი. მან კარგად უნდა გააცნობიეროს ეს და თავის მართლება და უცნაური არგუმენტები, რომ თურმე საცდელად შემოაგდო (ყეინიშვილის და ხომერიკის კანდიდატურა), რომ ხელისუფლების მავნებლობა ეჩვენებინა, ძალიან არასერიოზულია, ამ 2 კანდიდატის დამტკიცებით მან საფუძველი ჩაუყარა საბანკო სისტემაში "ქართული ოცნების" გავლენების იურიდიულად დაკანონებას”,- განაცხადა გოცირიძემ.

მსგავსი სიახლეები