ირაკლის რკინებს რომ ურტყამდნენ, გადავეფარე, მომხვდა სკამი, გამიყვანეს გარეთ რტყმით, გავითიშე მანქანასთან - დათა დანელია
"რომ დავინახე ირაკლი ეძგვერაძეს როგორ ურტყამდნენ რკინებს, ეგდო ძირს, გადავეფარე ირაკლის, სკამი მომხვდა მაგ დროს, გამიყვანეს რტყმით გარეთ, ნახეთ კადრები, რომ მანქანასთან გათიშული მე ვარ", - გლდანში მომხდარ სასტიკ ანგარიშსწორებას ერთ-ერთი დაზარალებული დათა დანელია "პირველებთან" იხსენებს. თუმცა დანელიას ამ დრომდე დაზარალებულის სტატუსი არ აქვს მინიჭებული.
დანელიას თქმით, პირებს, რომლებიც დეპუტატ ირაკლი ეძგვერაძეს და მის მეგობრებს თავს დაესხნენ, ის არ იცნობს. დაზარალებული იხსენებს, რომ სასტიკი ფიზიკური ანგარიშსწორების შემდეგ მან გონება დაკარგა და ეს კარგად ჩანს იმ კადრებში, რომელიც სოციალური ქსელით გავრცელდა.
რაც შეეხება იმ ინფორმაციას, რომელსაც პროკურატურა დაკავებულებზე დაყრდნობით ავრცელებს, რომ თითქოს ფიზიკურ ანგარიშსწორებას წინ შელაპარაკება უძღოდა, დათა დანელია ამ ინფორმაციას უარყოფს.
შიგნით ვიყავი და შემოვარდნენ, ვერაფრის აზრზე ვერ მოვედი საერთოდ, არაფერი არ ჩანდა იმდენი იყვნენ, მომხვდა ყველაფერი, რაც შეიძლებოდა, არა მარტო ხელი. რომ დავინახე ირაკლი ეძგვერაძეს როგორ ურტყამდნენ რკინებს, ეგდო ძირს, გადავეფარე ირაკლის, სკამი მომხვდა მაგ დროს, გამიყვანეს რტყმით გარეთ, ნახეთ კადრები, რომ მანქანასთან გათიშული მე ვარ, ვერაფერი დავინახე, საერთოდ ვეღარაფერს ვხედავდი და რომ გავახილე თვალი, ძალიან ბევრნი იყვნენ 40-50 კაცი იყო. არაფერი უძღოდა საერთოდ, ეგრევე შემოვარდნენ და ჩხუბი დაიწყეს. ვერავის ცნობდი სახეზე,“ - ამბობს დათა დანელია.