როგორც ჩანს, პრეზიდენტზე იყო ზეწოლა, პირდაპირ მოთხოვნა, რომ შეეცვალა საკუთარი გადაწყვეტილება - თალაკვაძე
"როგორც ჩანს, პრეზიდენტზე იყო ზეწოლა, პირდაპირ მოთხოვნა მის მიმართ, რომ შეეცვალა საკუთარი გადაწყვეტილება," - ეს განცხადება "ქართული ოცნების" წევრმა არჩილ თალაკვაძემ გააკეთა. თალაკვაძემ "ქართული ოცნების" ახალი გზავნილი გაახმოვანა და თქვა, რომ ფარცხალაძეზე საუბარი უნდა დასრულდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვინც ყოფილი გენერალური პროკურორის საკითხს წინა პლანზე წამოწევს, მიზნად ქვეყნის დასუსტება ექნება.
როგორც თალაკვაძე ამბობს, ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა-არ ჩამორთმევის საკითხთან დაკავშირებით პრეზიდენტზე ზეწოლა მიმდინარეობდა.
როგორც ჩანს, პრეზიდენტზე იყო ზეწოლა, პირდაპირ მოთხოვნა მის მიმართ, რომ შეეცვალა საკუთარი გადაწყვეტილება. ვისაც სურს, რომ ეს საკითხი დარჩეს პოლიტიკურ დღის წესრიგში ან მედიაში, აქვს პოლიტიკური ინტერესი, როგორმე დაასუსტოს სახელმწიფო, დაასუსტოს ხელისუფლება.
მან მოითხოვა, პირველ რიგში, იუსტიციის საბჭოში გადაეგზავნათ დასკვნა, რაც პირდაპირ მიანიშნებდა, რომ მოქალაქეობის შეწყვეტა სურდა, შემდეგ ვნახეთ უკვე სრულიად საპირისპირო გადაწყვეტილება, უარი თქვა მოქალაქეობის შეწყვეტაზე და დღეს უკვე ვხედავთ, რომ სამთვიანი ვადის აღება გადაწყვიტა. როდესაც საკითხი ეხება საბანკო სისტემას და საქართველოს მოქალაქის ინტერესებს, ჩვენი ქვეყნის იმიჯს ევროინტეგრაციის პროცესში, საჭირო არის ვიყოთ უფრო მეტად თანმიმდევრულები და უფრო მეტი პასუხისმგებლობით მოვეკითხოთ ასეთ საკითხებს,“ - ამბობს არჩილ თალაკვაძე.