დაუმძიმდებათ თუ არა ბრალი გლდანში პოლიტიკური ანგარიშსწორების გამო დაკავებულებს - პროკურორის განმარტება
დამძიმდება თუ არა ბრალი გლდანში პოლიტიკური ანგარიშსწორების ფაქტზე - საქმის პროკურორის მარიამ ბეგიაშვილის თქმით, სასამართლო ექსპერტიზის ჩატარებისა და სხვა მტკიცებულებების მოპოვების შემდეგ, საგამოძიებო უწყება იმსჯელებს დაუმძიმებს თუ არა ბრალს დაკავებულებს და გადაკვალიფიცირდება თუ არა საქმე პოლიტიკური ნიშნით ანგარიშსწორებაზე.
პროკურორის ინფორმაციით, საქმის მოკვლევის ფარგლებში ამ დროისთვის მოპოვებული მტკიცებულებებით იკვეთება, რომ ამ ეტაპზე დაკავებული 6 პირი მონაწილეობდა თავდასხმაში.
პროკურორის თქმით, დაკავებულები საქართველოს საზღვრის კვეთას ცდილობდა და არსებობდა მიმალვის საფრთხეც. მიმალვას კი გიორგი ქიშმარია, ტატო ხუნდაძე - გლდანის გამგეობის თანამშრომელი და ელგუჯა ჩოხელი ცდილობდნენ.
საქმეზე წარმოდგენილი ფაქტებით ნამდვილად დადასტურდა ბრალდებულების მხრიდან მომდინარე გამოძიებისა თუ მართლმსაჯულების განხორციელებაში უარყოფითი ჩარევის რეალური საფრთხე.
საქმეზე წარმოდგენილი ფაქტებით დასტურდებოდა ის, რომ ბრალდებულები სავარაუდო დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის შემდგომ ცდილობდნენ სახელმწიფო საზღვრის დატოვებას, რა დროსაც შეჩერებულები იყვნენ. კონკრეტულ პირთა დასახელებისგან თავს შევიკავებ - ზოგადად, ყველა ბრალდებულის მიმართ არსებობს მიმალვის საფრთხე.
შესაბამისი სტანდარტით დადასტურებული არის საქმის ამ ეტაპზე, რომ სწორედ ბრალდებულების მიერ არის ჩადენილი თავდასხმის ფაქტი. აქვე მინდა გითხრათ, რომ გამოძიება გრძელდება დამატებითი მტკიცებულებების მოპოვების მიზნით, იმისთვის, რომ დადგინდეს თავდასხმაში მონაწილე სხვა პირთა საკითხი.
ბრალდებულები თანამშრომლობენ, თუმცა მოცემულ დღემდე არ თანამშრომლობენ დაზარალებულები, უახლოეს მომავალში იმედს გამოვთქვამთ, რომ დაზარალებულების მხრიდან მოხდება საგამოძიებო ორგანოსთან თანამშრომლობა,“ - ამბობს პროკურორი.