არასწორია, სალომე ზურაბიშვილს ფულის აღება დააბრალო - ირაკლი კუპრაძე ფარცხალაძის საქმეზე
გაათავისუფლე თუ არა პრეზიდენტმა ხელისუფლება პოლიტიკური ტვირთისგან, როცა ჯაშუშობაში მხილებულ ოთარ ფარცხალაძეს საქართველოს მოქალაქეობა არ შეუწყვიტა?
"ლელო საქართველოსთვის" გენერალური მდივანი ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას არ ამართლებს, თუმცა მისივე თქმით, წარმოუდგენელია, რომ ოპოზიციური პარტიები ხელისუფლების მიერ გადმოგდებულ ანკესს წამოეგონ და საჯაროდ ისაუბრონ ზურაბიშვილის შესაძლო მოსყიდვაზე.
სად არის "ეფ ეს ბეს" აგენტი, რომელიც ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებდა, თუ საქართველოშია, უნდა მისცეს ხელისუფლებამ ამ ქვეყნის საზღვრის დატოვება? - არა, არ უნდა მისცეს, ის ახლა ციხეში უნდა იყოს. სხვადასხვა პოლიტიკოსები გამოდიან და ლაპარაკობენ, რომ სალომე ზურაბიშვილმა ფული აიღოო, რაც ყოვლად არასწორი მიმართებაა. მე სალომე ზურაბიშვილის გამართლებას არ ვაპირებ, მაგრამ როგორ შეიძლება, ხელისუფლების გადმოგდებულ ანკესზე წამოეგოს ოპოზიციური პარტია და აქცენტი გადაიტანოს სხვაგან - აღნიშნა ირაკლი კუპრაძემ.
ამასთან, "ლელოს" ლიდერი სრულიად გაუგებარს უწოდებს, პრეზიდენტის არგუმენტს, რომლის მიხედვითაც, მან სებ-ის საბჭოს წევრობის კანდიდატებად ნანა ყეინიშვილისა და თეიმურაზ ხომერიკი "მანკიერი პროცესის ლუსტრაციისთვის" წარადგინა.
ეს იყო სრულიად გაუგებარი, წარმოუდგენელი გადაწყვეტილება სალომე ზურაბიშვილის მხრიდან. სოციალური ექსპერიმენტი ჩაატარო "ქართულ ოცნებაზე", რომელზეც ყველა ჩამოყალიბებულია, რომ პრორუსული, ძალადობრივი ხელისუფალია, რომელმაც ყველა სახელმწიფო ინსტიტუცია მიისაკუთრა, ამ დროს რაღაც არგუმენტი მოგყავს, რომ სოციალური ექსპერიმენტი ჩაატარე, ჩემთვის ეს იყო გამაოგნებელი და რა თქმა უნდა, სალომე ზურაბიშვილის კრიტიკას ამ მხრივ არ მოვერიდები - განაცხადა კუპრაძემ.
ცნობისთვის, გიორგი ვაშაძემ პრეზიდენტის დამოუკიდებლობაში ეჭვი დღეს კიდევ ერთხელ შეიტანა - ოპოზიციონერი ვარაუდობს, რომ ან დააშანტაჟეს, ან დიდი ფული გადაუხადეს, იმისთვის რომ "ოცნების სასარგებლო" გადაწყვეტილება მიეღო.