პრეზიდენტის არგუმენტები არადამაჯერებელია, ფარცხალაძე ხელისუფლების თავისტკივილი მაინც იქნება - ხმალაძე

25.09.23 18:47
პრეზიდენტის არგუმენტები არადამაჯერებელია, ფარცხალაძე ხელისუფლების თავისტკივილი მაინც იქნება - ხმალაძე

„ჩემთვის გაუგებარია პრეზიდენტის არგუმენტები. არადა, ფარცხალაძეს შეუძლია გამოიყენოს მოქალაქეობის შენარჩუნება იმ ბანკებთან ურთიერთობისას, რომელიც არ შეუერთდნენ საერთაშორისო სანქციებს,“ - ასე აფასებს კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას, ამ ეტაპზე საქართველოს მოქალაქეობა შეუნარჩუნოს ჯაშუშობაში მხილებულ ოთარ ფარცხალაძეს. 

როგორც კონსტიტუციონალისტი ამბობს, პრეზიდენტის მხრიდან წარდგენილ ახსნა-განმარტებაში არგუმენტები არადამაჯერებელია. ხმალაძე იმ საფრთხეებზეც საუბრობს, რაც შეიძლება გამოიწვიოს ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებამ. როგორც კონსტიტუციონალისტი ხსნის, ფარცხალაძეს ახლა ეძლევა შესაძლებლობა ისარგებლოს იმ ბანკების მომსახურებით, რომლებიც საერთაშორისო სანქციებს არ უერთდებიან.

ჩემთვის ეს არგუმენტები არ იყო დამაჯერებელი, რადგან ფარცხალაძესთან რაც არის დაკავშირებული, ეს ხელისუფლების თავისტკივილი იქნება, გინდ იყოს ფარცხალაძე მოქალაქე, გინდა არა. ის, რასაც ფარცხალაძე აკეთებდა, აკეთებდა იმ დროს, როცა ის იყო საქართველოს მოქალაქე. ასე, რომ ეს არგუმენტი ჩემთვის მიუღებელია. ის, რომ ფარცხალაძე უნდა გასამართლდეს, როგორც საქართველოს მოქალაქე, არც ეს არის ჩემთვის არგუმენტი. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მოქალაქეობაზე არ არის დამოკიდებული პირის მიერ დანაშაულის გამო პასუხისგება,“ - ამბობს ვახტანგ ხმალაძე.

ხმალაძე განმარტავს, რომ კანონი მართლაც იძლევა სამთვიან ვადას, როცა პრეზიდენტს მოქალაქეობის შეწყვეტასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება შეუძლია. 

კანონის მართლაც იძლევა სამთვიან ვადას იმისთვის, რომ ფაქტის გამოვლენიდან და მოკვლევის დაწყებიდან გადაწყვეტილების მიღებამდე 3 თვეზე მეტი არ უნდა გავიდეს. ამ თვალსაზრისით პრეზიდენტს ფორმალურად კანონი არ დაურღვევია და მისი მოქმედება, თუ არ შეუწყვიტა მოქალაქეობა, იქნება კანონის დარღვევა, თუკი ისე ამოიწურება სამი თვე, რომ ის ამ გადაწყვეტილებას არ მიიღებს.
იქნება კანონის დარღვევა იმიტომ, რომ კანონი ცალსახად ამბობს, რომ თუ წარმოიშვა მოქალაქეობის შეწყვეტის საფუძველი და ამ საფუძველში მოყვანილი ფაქტები დადასტურდა, მაშინ აუცილებლად უნდა შეუწყდეს ამ პირს მოქალაქეობა,“ - ამბობს ხმალაძე.

მსგავსი სიახლეები