აღმოჩნდებიან თუ არა კობახიძე და პრეზიდენტი ერთმანეთის პირისპირ საკონსტიტუციოში - ვახტანგ ხმალაძის განმარტება

25.09.23 19:06
აღმოჩნდებიან თუ არა კობახიძე და პრეზიდენტი ერთმანეთის პირისპირ საკონსტიტუციოში - ვახტანგ ხმალაძის განმარტება

ირაკლი კობახიძე სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ - მოხვდებიან თუ არა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომის დარბაზში სარჩელის ავტორი და მოპასუხე პირისპირ - კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე ამის შესაძლებლობას  განმარტავს.

როგორც ხმალაძე ამბობს, არ არის სავალდებულო, რომ ირაკლი კობახიძე და სალომე ზურაბიშვილი ერთმანეთის პირისპირ აღმოჩნდნენ, ეს მათი გადასაწყვეტია. კანონი შესაძლებლობას იძლევა, რომ როგორც სარჩელის ავტორის, ისე მოპასუხის წარმომადგენლებმა გააჩინონ პლენუმს საკუთარი არგუმენტები. 
რაც შეეხება სარჩელის შინაარს, ხმალაძე პირდაპირ ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილს ევროპელ ლიდერებთან შეხვედრით კონსტიტუცია არ დაურღვევია.

მიმაჩნია, რომ პრეზიდენტს კონსტიტუცია არ დაურღვევია. შესაბამისად, ჩემი აზრით, სამართლიანი და სამართლებრივი იქნება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომ მან არ დაადასტუროს პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევა და ამით შეწყდება იმპიჩმენტის პროცესი. თუმცა, რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო, ძალიან გამიჭირდება ამის პროგნოზირება,“ - ამბობს ხმალაძე.

კონსტიტუციონალისტი განმარტავს, რის უფლება აქვს ქვეყნის მთავარი კანონის თანახმად პრეზიდენტს. როგორც ხმალაძე ამბობს, სარჩელის ავტორი კონსტიტუციის ჩანაწერთან წინააღმდეგობაში მოდის. 

კონსტიტუცია, ჩემი აზრით, არ უკრძალავს პრეზიდენტს შეხვედრებს სხვა სახელმწიფოების ლიდერებთან, როდესაც და თუ პრეზიდენტი მოქმედებს თავისი სახელით და არა საქართველოს ხელისუფლების სახელით. კონსტიტუციის ეს ჩანაწერი, რომელიც ამბობს, რომ პრეზიდენტი მთავრობის თანხმობით ახორციელებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებებს, ხელს აწერს ხელშეკრულებას, მონაწილეობას იღებს მოლაპარაკებებში, ამ ნაწილში სჭირდება პრეზიდენტს მთავრობის თანხმობა. ანუ იქ, სადაც მან უნდა შეასრულოს მოქმედება საქართველოს სახელით ამ დროს მას სჭირდება მთავრობის თანხმობა, ვინაიდან კონსტიტუციის თანახმად, საგარეო პოლიტიკის განმახორციელებელი არის მთავრობა. მაგრამ კონსტიტუცია არ უკრძალავს და პირდაპირ წერია, რომ პრეზიდენტს უფლება მიმართოს ხალხს და არავის თანხმობა არ სჭირდება, შეუძლია ჩაატაროს პრესკონფერენციები - თანხმობა არ სჭირდება, შეუძლია მისცეს ჟურნალისტებს ინტერვიუები - თანხმობა არ სჭირდება და ამ დროს, ვინც ედავება პრეზიდენტს კონსტიტუციის დარღვევაში, ამბობენ, რომ პრეზიდენტს არ ჰქონდა უფლება შეხვედროდა სხვა სახელმწიფოს პრეზიდენტს და გამოეთქვა თავისი მოსაზრება იმ საკითხზე, რომლის ლობირებასაც კონსტიტუცია ავალდებულებს სახელმწიფოს ინსტიტუტებს, მათ შორის პრეზიდენტს,“ - ამბობს ხმალაძე.

მსგავსი სიახლეები