დეპუტატზე სასტიკი ანგარიშსწორების შემდეგ თავდამსხმელები ქვეყნიდან გაქცევას გეგმავდნენ - ხმაურიანი სხდომის დეტალები
საკრებულოს დეპუტატზე სასტიკი ანგარიშსწორების შემდეგ თავდამსხმელები ქვეყნიდან გაქცევას გეგმავდნენ, ისინი პოლიციამ საქართველო-სომხეთის საზღვარზე დააკავა. მიმალვის საფრთხის არსებობის გამო, მოსამართლემ ირაკლი ეძგვერაძეზე ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებული 6-ვე პირი პატიმრობაში დატოვა. მათ შორისაა ე.წ კრიმინალური ავტორიტეტის შუკაკიძის ძმა და მერიის მოქმედი თანამშრომელი ხუნდაძე. საქმიდან სრულად გააქრეს პოლიტიკური მოტივი და გამოძიება მხოლოდ ერთი მუხლით მიმდინარეობს.
დაკავებულია ე.წ. გლდანის საძმოს 6 წევრი, მაგრამ ეს მოძალადეების არასრული რაოდენობაა. საკრებულოს დეპუტატს ირაკლი ეძგვერაძეს თავს საკუთარ ავტოფარეხში ათობით ადამიანი დაესხა და სასტიკად სცემა, ამიტომ ახლა გამოძიება ძალადობაში მონაწილე სხვა პირების კვალზე უნდა გავიდეს, მაგრამ ჯერ მათი ვინაობის დადგენა ვერ ხერხდება.
ბრალდებულები გამოძიებასთან არ თანამშრომლობენ და თანამზრახველებზე არაფერს ამბობენ, მოსამართლეს კი უმტკიცებდნენ, რომ ღირსეული ადამიანები არიან. "მე დედამ კაცად გამზარდა-" ამბობდა დღეს სხდომათა დარბაზში გლდანის გამგეობის მოძალადე თანამშრომელი.