გახარიას გუნდი შოვზე საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს დაუჭერს
პარტია „საქართველოსთვის“ პარლამენტში შოვის საკითხზე საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს დაუჭერს, თუმცა თუ კომისია შეიქმნება პარტიის წევრები მის შემადგენლობაში არ შევლენ.
როგორც პარტიის განცხადებაშია აღნიშნული, შინაგან საქმეთა მინისტრის ინტერპელაციამ და მათი გუნდის მიერ გაგზავნილ კითხვებზე კონსტიტუციის დარღვევით მიღებულმა პასუხებმა ნათელი გახადა, რომ ხელისუფლება მზად არ არის ადეკვატური პასუხები გაეცეს მომხდარ სავარაუდო სამოხელეო გულგრილობას.
„ოცნების“ ხელისუფლება მზად არ არის, აიღოს პასუხისმგებლობა, რათა მომავალში მსგავსი ტრაგედიები თავიდან ავიცილოთ. „ოცნებისა“ და „ნაცმოძრაობის“ პირობებში, მაშინ, როდესაც ეს 2 დესტრუქციული ძალა, ამ ტრაგედიის ერთმანეთის დასაზიანებლად და პოლიტიკური დივიდენდების მოსაღებად გამოყენებას ცდილობს, საგამოძიებო კომისია ვერ იქნება ეფექტიანი მექანიზმი ჭეშმარიტების დასადგენად.
თუმცა, სანამ საზოგადოების ნაწილი (მათ შორის, შოვის მოსახლეობის ნაწილი) ჯერ კიდევ ფიქრობს, რომ საგამოძიებო კომისიას შეუძლია პოზიტიური როლის შესრულება სიმართლის დადგენაში, ჩვენი საპარლამენტო გუნდი არ იქნება ბარიერი და კომისიის შექმნას კენჭისყრისას ჩვენი ხმები ექნება, მაგრამ აქვე ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ კომისიის შექმნის შემთხვევაში, ჩვენ კომისიის წევრები არ ვიქნებით და მის საქმიანობაში მხოლოდ საექსპერტო ადამიანური რესურსებით ან სხვა საჭირო ფორმით მივიღებთ მონაწილეობას“, – აცხადებს პარტია „საქართველოსთვის“.
ამასთან საკითხზე კომენტარი გააკეთა პარლამენტის წევრმა ბექა ლილუაშვილმაც. მისი თქმით, ბექა ლილუაშვილი ფიქრობს, რომ შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნას "ოცნებაც" და ოპოზიციაც საკუთარი პოლიტიკური ამოცანებისთვის გამოიყენებს.
საგამოძიებო კომისიის შექმნის შემთხვევაში, ორივე მხარე ამ უმძიმეს ტრაგედიას პოლიტიკური ამოცანისთვის გამოიყენებს. ჩვენ ამ პოლიტიკურ კინკლაობაში, მითუმეტეს, იმ პასუხისმგებლობის პირობებში, რაც ჩვენ გაგვაჩნია ჩვენი მოქალაქეების და დაზარალებული ოჯახების წინაშე, მონაწილოებას არ მივიღებთ როგორ კომისიის წევრები.
თუმცა თუ ვინმეს კითხვები ექნება, ჩვენი ექსპერტული გამოცდილება გამოადგება ან საგამოძიებო კომისია ჩათვლის საჭიროდ, რომ რაღაც კითხვები დასვას ჩვენი გუნდის მიმართ, ჩვენ პრობლემა არ გავქვს, მონაწილეობას მივიღებთ, - ამბობს ბექა ლილუაშვილი.
გასაჯაროებულია მტკიცებულებები, რომელიც შოვის ტრაგედიაში გომელაურის უწყების დაგვიანებულ რეაგირებას პირდაპირ ადასტურებს. ირკვევა, რომ სამაშველო ოპერაციისთვის შოვში ვერტმფრენი 112-ში შესული ზარიდან მხოლოდ 50 წუთის შემდეგ გაუშვეს, ტრაგედიის ადგილზე კი მტკიცებულებები კანონდარღვევით მოიპოვეს. ფატებს ერთ-ერთი გარდაცვლილის, დავით ბერიაშვილის ადვოკატი ასაჯაროებს.
პარალელურად კი პარლამენტში უკვე ყველა ოპოზიციური პარტია თანხმდება, რომ შოვის ტრაგედიაზე საგამოძიებო კომისია უნდა შეიქმნას.