შსს-ს 685 ახალი თანამშრომელი ემატება

26.09.23 15:40
შსს-ს 685 ახალი თანამშრომელი ემატება

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 685 ახალი თანამშრომელი ემატება - ამის შესახებ საუბარია კანონპროექტში „საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე.

ამავე კანონპროექტის თანახმად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ასიგნებები იზრდება 40,0 მლნ ლარით და განისაზღვრება 1 146,0 მლნ ლარის ოდენობით.

„წარმოდგენილი პროექტით, სამინისტროს რიცხოვნობა იზრდება 685 ერთეულით - საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით, იზრდება პატრულ-ინსპექტორების, ტურისტული უსაფრთხოების ინსპექტორების, ასევე დეტექტივების და გამომძიებლების რაოდენობა. გარდა ამისა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტში მართლწესრიგის ინსტიტუტის დანერგვის მიზნით, იზრდება მართლწესრიგის ოფიცრების, გამომძიებლებისა და დეტექტივების რაოდენობა. შესაბამისად, 20 მლნ ლარი მიიმართება სამინისტროს მიმდინარე ხარჯების დასაფინანსებლად საშტატო რიცხოვნობის ზრდიდან გამომდინარე, შესაბამისი უნიფორმითა და აღჭურვილობით, ასევე, სამინისტროს სისტემის თანამშრომელთა სპეციალური საშუალებების შეძენისთვის საჭირო ხარჯების დასაფინანსებლად; დამატებით, 20 მლნ ლარი მიიმართება თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით სასერვერო ინფრასტრუქტურის განახლებაზე, ასევე, სარეზერვო სასერვერო ინფრასტრუქტურის მოწყობაზე, რომელიც შესაძლებლობას იძლევა საჭიროების შემთხვევაში სრულად უზრუნველყოს სერვისების უწყვეტობა“,- ნათქვამია კანონპროექტში.

კანონპროექტი საქართველოს პარლამენტში კომიტეტების დონეზე განიხილება.

მსგავსი სიახლეები