ბანკებში სიმშვიდეა, დამაზიანებელია აჟიოტაჟი, რომელიც პოლიტიკური ნიშნითაა განპირობებული - დავითაშვილი
"ბანკებში სიმშვიდეა, სტაბილურია ჩვენი საფინანსო სექტორი - ჩვენი საბანკო სისტემა ძლიერია ისე, როგორც არასდროს. კომუნიკაცია გვაქვს მნიშვნელოვან ინვესტორებთან," - ასე აფასებს სებ-ში მიმდინარე მოვლენებს ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი.
მინისტრს სურს, რომ სებ-თან და თურნავას გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით საუბარი შეწყდეს. ამბობს, რომ სებ-ის ირგვლივ პოლიტიკურად მოტივირებული აჟიოტაჟია ატეხილი, რაც ქვეყნის რეპუტაციისთვის დამაზიანებელია.
ძალიან რთულია, რაიმე დავამატოთ. ვფიქრობ, ნათია თურნავამ საზოგადოებას ძალიან დეტალურად მიაწოდა ინფორმაცია იქ მიმდინარე მოვლენებზე. ვფიქრობ, ძირითად საკითხებზე ამომწურავად არის გაცემული პასუხები. ჩვენ მუდმივი კომუნიკაცია გვაქვს საფინანსო სექტორის წარმომადგენლებთან, ყველა ბანკთან. სამწუხაროდ, დამაზიანებელია ხოლმე ეს აჟიოტაჟი, რომელიც პოლიტიკური ნიშნით არის განპირობებული. ძირითადად აზიანებს რეპუტაციას, როგორც ქვეყნის, ისე, კონკრეტულად სექტორის. საფინანსო სექტორი მგრძნობიარეა. პასუხისმგებლობა მოითხოვს, რომ ჩვენ სათუთად მივუდგეთ ასეთ საკითხებს, არ დავაზიანოთ. ძალიან მჭიდრო კომუნიკაცია გვაქვს ბანკების ძირითად ინვესტორებთან, ძირითად საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან. ძალიან მკაფიოდ არის ყველაფერი, ბანკებშიც აბსოლუტურად სიმშვიდეა, სტაბილურია ჩვენი საფინანსო სექტორი. მინდა გითხრათ, რომ მდგრადია საფინანსო სექტორი. ასე, რომ შეიძლება განგებ ჩვენ, ჩვენი ზედმეტი აჟიოტაჟით დავაზიანოთ, მაგრამ რა თქმა უნდა, ეს არის უპასუხისმგებლო პოლიტიკურად ანგაჟირებული პროცესი.
ბანკებთან მჭიდრო კომუნიკაცია გვაქვს, არ აქვთ ჩვენთან კომუნიკაციის პრობლემა. ჩვენი საბანკო სისტემა ძლიერია ისე, როგორც არასოდეს. ჩვენ კომუნიკაცია გვაქვს მნიშვნელოვან ინვესტორებთან, ჩვენ ბანკებში ინვესტორებთან, რათა ობიექტური ინფორმაცია ჰქონდეთ ძირითად პარტნიორებს, საქართველოს საფინანსო სისტემის შესახებ, რომ აქ არ არის რისკები. საქართველო არის საიმედო საინვესტიციო პარტნიორი“, - აღნიშნა დავითაშვილმა.