"სებ-ს ივანიშვილის დავალებების შემსრულებლებით ავსებენ" - ოპოზიცია ეროვნული ბანკის ჩამოშლაზე საუბრობს

26.09.23 17:26
"სებ-ს ივანიშვილის დავალებების შემსრულებლებით ავსებენ" - ოპოზიცია ეროვნული ბანკის ჩამოშლაზე საუბრობს

ეროვნულ ბანკი ჩამოშლის ზღვარზეა - ოპოზიციის თქმით, სებ-ს ივანიშვილის დავალებების შემსრულებლებით ავსებენ.

"ლელოს" წევრი საბა ბუაძე ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილმა ფაქტობრივად გაანადგურა ეროვნული ბანკი და მის მიმართ არსებული ნდობა.

ნათია თურნავასთვის დავალების მიცემით, ივანიშვილმა ფაქტობრივად გაანადგურა ეროვნული ბანკი და მის მიმართ არსებული ნდობა. ეროვნულ ბანკს დღეს ტოვებენ კვალიფიციური და კეთილსინდისიერი კადრები და ამ კადრებს ავსებენ ივანიშვილის დავალებების შემსრულებლებით, რომლებიც მზად არიან საკუთარი კეთილდღეობის ხარჯზე, ჩვენი ქვეყნის მომავალი და ჩვენი ქვეყნის ფინანსური სტაბილურობა გაატანონ წყალს და შეასრულონ რუსული დავალებები". - ამბობს საბა ბუაძე.

ენმ-ს წევრი გიორგი ბოტკოველი კი პირდაპირ აცხადებს, რომ თურნავას საზრუნავი ახლა ყველა იმ ხმის მოკვლაა, რომელი ხმაც რეალურად და სამართლიანად ჟღერს ეროვნულ ბანკში.

კონკრეტული ადამიანები გვესაუბრებოდნენ, რომ მათ იბარებდნენ სხვადასხვა ოთახებში და იქ მიდიოდა მათი გადაბირება იმაზე, რომ ხელი არ მოეწერათ ან არ გაევრცელებინათ ეს ინფორმაცია. ახლა ნათია თურნავას მთავარი საზრუნავი იქნება ყველა ის ხმა მოკლას, რომელი ხმაც რეალურად და სამართლიანად ჟღერს ეროვნულ ბანკში". - ამბობს გიორგი ბოტკოველი.

თურნავას უწყებას თანამშრომლები ერთი მეორის მიყოლებით ტოვებენ. ბანკი ეიჩარის გარეშეც დარჩა. გვანცა ცქიტიშვილმა თანამდებობა დატოვა.

თანამშრომლების პროტესტის ფონზე, ნათია თურნავამ უსაფრთხოების სამსახურის ახლი შეფი დანიშნა. გიორგი ფერაძე კონკურენციის სააგენტოდან მოულოდნელად ეროვნულ ბანკში მაშინ გადაიყვანეს, როდესაც 200 მდე თანამშრომელი თურნავას რუსული გადაწყვეტილების გამო საპროტესტო პეტიციის  გამოქვეყნებას აპირებდა, თუმცა ოპოზიციის მტკიცებით,  თანამშრომლები დაშინების გზით გააჩუმეს. 

ასევე ცნობილი ხდება, რომ სებ-ის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას მრჩევლად უსაფრთხოების საკითხებში მალხაზ ღუღუნაშვილი დაინიშნა.

ღუღუნაშვილი მანამდე საქართველოს ეროვნული ბანკის უსაფრთხოების უფროსის თანამდებობაზე იყო.

შეგახსენებთ, 19 სექტემბერს ეროვნულმა ბანკმა აშშ-ის მიერ სანქცირებულ ოთარ ფარცხალაძეს ანგარიშებზე წვდომა აღუდგინა.

მსგავსი სიახლეები