პოლიციელები მოძალადეების მხარე იყვნენ - გაზდელიანი გლდანში მომხდარ დაპირისპირებაზე
„ძალიან მძიმე საყურებელია, როდესაც სამართალდამცავ სისტემას სამართალდაცვასთან აღარაფერი აკავშირებს,“ - ეს განცხადება ენმ-ის წევრმა ბესო გაზდელიანმა გააკეთა.
ბესო გაზდელიანი გლდანში პოლიტიკურ ანგარიშსწორებას იხსენებს და ამბობს, რომ მას მერე რაც ნიკა მელია და მისი თანაგუნდელები ერეკლე ეძგვერაძესთან მივიდნენ, პოლიცია ისე იქცეოდა, თითქოს მოძალადეების მხარეს იყვნენ სამართალდამცველები.
რა სურათი ვიხილეთ - შთაბეჭდილება ისეთი დაგვეუფლა, რომ თითქოს პოლიციელები ჩვენ შორის ეძებდნენ თავდამსხმელებს, მათი გამომეტყველება, მათი რეაქციები ამის მეტყველი იყო. რამ გამოიწვია ბოლოს ეს დაძაბულობა, რთული სათქმელია, უცებ დაიძაბნენ პოლიციელები. პოლიციელი, რომლის ტელეფონზე საუბრობდა, ვიღაცას ეუბნებოდა, რომ კი, დავიწყებთ დაკავებებს, ეს საუბარი იყო პატარა კამათის შემდეგ.
შთაბეჭდილება გვრჩებოდა, რომ პოლიციელები მოძალადეების მხარე იყვნენ. თავიდან რომ დაიძაბა სიტუაცია და გაწევ-გამოწევა შეიქმნა, მეგონა, რომ პოლიციელებს შორის იდგნენ იმ მოძალადეების მხრიდან მოსულები.
ის, რომ მუხლებში, ფეხებში, წელის არეში გვირტყამდნენ. ისეთი დაზიანება მივიღე, ახლაც ჯოხით დავდივარ, რაღაც უცნაური სცენარის მომსწრე გავხდი საავადმყოფოში. უცებ შემოვიდა 10-მდე პოლიციელი, მათ შორის შეიარაღებული. ისეთი გონორით ითხოვდნენ მათ გამოკითხვას, შოკი გამოიწვია - თითქოს ეს დაზარალებულები იყვნენ დამნაშავეები,“ - ამბობს ბესო გაზდელიანი.