ყველაზე ტრაგიკული თარიღი საქართველოს უახლეს ისტორიაში - 30 წელი სოხუმის დაცემიდან
სოხუმის დაცემიდან 30 წელი გავიდა, ქალაქი, რომელსაც ქართველი მებრძოლები ერთი წელი იცავდნენ, ზუსტად ამ დღეს 1993 წლის 27 სექტემბერს დაეცა.
აფხაზეთში საომარი მოქმედებები 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო.
ვითარება უკიდურესად 1993 წლის 16 სექტემბერს გამწვავდა, როცა სეპარატისტებმა 27 ივლისის სამშვიდობო შეთანხმება დაარღვიეს და სოხუმის შტურმი დაიწყეს.
აფხაზეთში მცხოვრები ხალხი იძულებული გახდა, სახლები დაეტოვებინა და კავკასიის მთების გავლით სამშვიდობოს გასულიყო.
სოხუმიდან, ოჩამჩირიდან და გალიდან გამოქცეულმა ათასობით ქართველმა ჭუბერის უღელტეხილი ფეხით გამოიარა. უთანასწორო ომის შედეგად, დაუზუსტებელი ინფორმაციით, დაიღუპა 10 ათასზე მეტი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე. 300 ათასზე მეტი ადამიანი კი დღემდე, საკუთარ ქვეყანაში საკუთარი სახლებისგან ძალიან შორს, დევნილობაში, აგრძელებს ცხოვრებას.
ქალაქის აღების შემდეგ შემოსულმა სეპარატისტებმა ადგილობრივი მთავრობის წევრები: ჟიული შარტავა, გურამ გაბისკირია და რაულ ეშბა, რომლებმაც გაქცევაზე უარი თქვეს, მთავრობის სახლის წინ დახვრიტეს, ალექსანდრე ბერულავა კი უგზო-უკვლოდ დაიკარგა.
27 სექტემბერი საქართველოს უახლეს ისტორიაში ყველაზე ტრაგიკული თარიღია.
საქართველოს პარლამენტის, მთავრობის ადმინისტრაციის, პრეზიდენტის რეზიდენციისა და სამინისტროების შენობებზე ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად დროშები დაეშვა.