პრობლემები სასამართლოში და მოსამართლეების მიკერძოებულობა - "სასამართლო გუშაგის" ხმაურიანი ანგარიში
პრობლემები სასამართლოში და მოსამართლეების არაპროფესიონალიზმი - მონიტორინგის შედეგებს „სასამართლო გუშაგი„ აქვეყნებს. ორგანიზაციაში ამბობენ, რომ კლანური მმართველობის გარდა მონიტორინგის დროს სისტემაში მოსამართლეების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების და გულგრილობის ფაქტებიც გამოიკვეთა. დოკუმენტში მოხვდა ისეთი ფაქტები, როდესაც მოსამართლეები საქმის მასალებს არც კი იცნობენ, პროცესებს მიზანმიმართულად აჭიანურებენ, საბოლოოდ კი, მათ მიერ მიღებული განაჩენები დაუსაბუთებელი და უარგუმენტოა.
"სასამართლო გუშაგის" თავმჯდომარე ამბობს, რომ საქმეებზე, რომელზეც პოლიტიკური ინტერესი არ არსებობს, სასამართლო მეტად დამოუკიდებელია, ხოლო იქ, სადაც ხელისუფლების ინტერესი იკვეთება, პროცესებიც უფრო სწრაფად მიმდინარეობს და გადაწყვეტილებებიც არაობიექტურია.
გვიანდება პროცესების დაწყება, რაც მხარეთა მიმართ მოსამართლის მხრიდან თუ სასამართლო სისტემის მხრიდან დამოკიდებულებაზე მიუთითებს. ასევე პრობლემურია ეთიკური დამოკიდებულება მხარეების მიმართ. ორდინარული საქმეები უფრო გაჭიანურებულია და უფრო დაგვიანებულია პროცესი, თუმცა დამოუკიდებლობის თვალსაზრისით და მოსამართლეების მიუკერძოებლობის თვალსაზრისით პრობლემები ნაკლებად არის, მაგრამ მაღალი რეზონანსული მნიშვნელობის საქმეებზე პირიქით არის, სწრაფად მიმდინარეობს პროცესები და დამოუკიდებლობის ხარისხი მოსამართლეების არის უფრო ნაკლები. შემთხვევები იყო სისხლის სამართლებრივი, სადაც სახელმწიფო ინტერესი და პოლიტიკური ინტერესი ნაკლებად არის, მოსამართლეები არიან უფრო მეტად დამოუკიდებლები, - ამბობს ნაზი ჯანეზაშვილი.