პრემიერი თავს ვალდებულად მხოლოდ ივანიშვილის წინაშე გრძნობს - ლევან ხაბეიშვილი
დევნილების მიმართ პრემიერის იგნორი ენმ-ს თავმჯდომარეს არ უკვირს. ლევან ხაბეიშვილი ამბობს, რომ ღარიბაშვილი თავს ვალდებულად მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის წინაშე გრძნობს. მისი თქმით, პრემიერს, რომ ოკუპაციის შინაარსი ესმოდეს, საქართველოში რუსეთის სახელმწიფოს არ წარმოადგენდა.
ღარიბაშვილის მთავარი ვალდებულება და ასე თვლის და ასე ფიქრობს, რომ აქვს ბიძინა ივანიშვილთან და არა ხალხთან, შესაბამისად, რომ გითხრათ, რომ მიკვირს, რომ ის კომუნიკაციაში არ შედის ჩვენს მოქალაქეებთან, ნამდვილად მოგატყუებთ, არ მიკვირს. რუს ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც არის პუტინის გაგრძელება საქართველოში ბიძინა ივანიშვილის ხელით, ცხადია, რთულია ესმოდეს, რა არის დევნილობა, ესმოდეს რა არის საკუთარი სახლიდან რომ ხარ გამოგდებული, ესმოდეს ოკუპაციის შინაარსი. ეს რომ ესმოდეს, ის არ იქნებოდა და არ წარმოადგენდა რუსეთის სახელმწიფოს საქართველოში, - ამბობს ხაბეიშვილი.
სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით გმირთა მემორიალთან მისულმა პრემიერმა დღეს დევნილებს არ მოუსმინა და ტერიტორია კომენტარის გარეშე დატოვა. ღარიბაშვილის იგნორმა აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებში უკმაყოფილება გამოიწვია.