ვერტმფრენი არ არის მანქანა, წახვიდე, იყიდო და ერთ კვირაში დაიწყო სიარული - კაკაურიძე
ფინანსთა მინისტრის პირველის მოადგილის, გიორგი კაკაურიძის განცხადებით, ვერტმფრენები, რომლებიც სახელმწიფოს შესყიდული აქვს, რომც ჩამოსულიყო,შოვში ვერ იმუშავებდნენ და ვერ გააკეთებდნენ იმას, რაც გმირმა ადამიანებმა გააკეთეს
ამასთან, როგორც კაკაურიძემ აღნიშნა, ვერტმფრენი არ არის მანქანა - წახვიდე, იყიდო და ერთ კვირაში სიარული დაიწყო.
ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე ამბობს, რომ მომავალ წელს, ორი ვერტმფრენის ჩამოსვლა მოესწრება.
„ვერტმფრენებზე 50 მილიონი გასულ წელს დაემატა შინაგან საქმეთა სამინისტროს სწორედ ვერტმფრენების შეძენისთვის. თქვენ ხომ კარგად მოგეხსენებათ, რომ ვერტმფრენი არ არის მანქანა - წახვიდე, იყიდო და ერთ კვირაში დაიწყო ამ მანქანით სიარული. შეკვეთილია სამი ვერტმფრენი და ჯამში, ეს 3 ვერტმფრენი არის 80 მილიონი ლარის, დაახლოებით 65 მილიონ ლარამდე არის უკვე ანაზღაურებული. 18-თვიანი პერიოდი იყო პირველი ვერტმფრენის ჩამოსასვლელად და შემდგომში დამატებით 6-თვიანი პერიოდი იყო მეორე და მესამე ვერტმფრენის ჩამოსვლისთვის. შესყიდულია, თუმცა კომპანიას ჯერ არ მოუწოდებია და მომავალ წელს, ვფიქრობთ, რომ ორი მათგანის ჩამოსვლა მოესწრება. ეს არის თანამედროვე ტიპის სამაშველო ვერტმფრენი, აღჭურვილი ყველა იმ კომპონენტით, რაც სამაშველო ვერტმფრენს ესაჭიროება და ამის თანხის უდიდესი ნაწილი არის უკვე ანაზღაურებული“, - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ ჯგუფ „ევროოპტომისტებთან“ შეხვედრაზე .