ფარცხალაძის სანქცირებული ფული - ჯაშუშობაში მხილებული ექს-პროკურორი ეკლესიას შეღავათების მისაღებად იყენებდა?
იყენებდა თუ არა ოთარ ფარცხალაძე ეკლესიას საგადასახადო შეღავათების მისაღებად? - დღემდე ფარცხალაძეების ოჯახი ტაბახმელაში ტაძრის მფლობელია. ეკლესია მათ კერძო საკუთრებაში აქვთ, ამიტომ ფინანსთა მინისტრის მოადგილისგან დღეს პარლამენტში ოპოზიცია ითხოვდა პასუხს კითხვაზე, სარგებლობდა თუ არა ეკლესიის საკუთრებაში ფლობის გამო ფარცხალაძე საგადასახადო შეღავათებით და რა ოდენობის თანხები ბრუნავდა ამ ანგარიშზე.
რუსეთის აგენტს, ყოფილ გენერალურ პროკურორს თურმე საკუთარ ეზოში აუშენებია კერძო ეკლესია. ორი ეკლესიის მსგავსი შენობაა, ეკლესიას ვერ ვუწოდებთ მას, ვინაიდან ეკლესია არის ის , რომელიც ეკუთვნის ამა თუ იმ რელიგიურ ორგანიზაციას. ეს არც საპატრიარქოს ეკუთვნის და არც არავის. ეს არის კერძო ეკლესია. ბატონი ოთარ ფარცხალაძე იხდის თუ არა ქონების გადასახადს? ამ საკმაოდ ძვირადღირებული ნაგებობებიდან"? - იკითხა სხდომაზე რომან გოცირიძემ.
ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გოცირიძეს უპასუხა, რომ ფარცხალაძის რელიგიური მისწრაფებებით არ დაინტერესებულა და არც ის იცის, რამდენი აქვს გადახდილი ქონების გადასახადი ყოფილ პროკურორს.
თუ არის ეკლესია არ იბეგრება, თუ არის შენობა, რომელსაც რასაც მინდა იმას დავარქმევ, მაშინ იბეგრება. მე არ მაქვს უფლება სათითაოდ პიროვნებებზე ჩავიდე და ვნახო, ვის რამდენი აქვს გადახდილი. არ დავინტერესებულვარ ფარცხალაძის რელიგიური მისწრაფებებით" - განაცხადა კაკაურიძემ.