"როგორც ივანიშვილს შემოაქვს ფსევდო თემები..."- ბოკუჩავა მელია-დეკანოიძეს "პარალელური დღის წესრიგის შექმნაში" ადანაშაულებს

27.09.23 15:36
"როგორც ივანიშვილს შემოაქვს ფსევდო თემები..."- ბოკუჩავა მელია-დეკანოიძეს "პარალელური დღის წესრიგის შექმნაში" ადანაშაულებს

ფრაქცია ენმ-ს თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა ამბობს, რომ პარტიიდან წასული ხატია დეკანოიძე და ასევე "ნაციონალურ მოძრაობაში" დარჩენილი ნიკა მელია ივანიშვილის მსგავსად ფსევდო თემებით, პარალელური დღის წესრიგის შექმნას ცდილობენ.

ბოკუჩავას ყოფილი და მოქმედი გუნდელების ქმედებას ყოვლად "გაუმართლებელს" უწოდებს.

როგორც ბიძინა ივანიშვილს შემოაქვს ფსევდო თემები იმპიჩმენტის სახით, მაშინ, როდესაც მართლა რეალური და საშიში პრობლემების წინაშე დგას ჩვენი ქვეყანა, მუდმივად ამ თემების ხელოვნურად პედალირება, მგონია, რომ ასევე მცდელობაა, პარალელური დღის წესრიგის შექმნის. ყოვლად გაუმართლებელია.

გასაგებია, თუ ჰქონდათ რაღაც შეუთანხმებლობა, მიიღეს გადაწყვეტილება, რომ პოლიტიკური საქმიანობა გააგრძელეს სხვა ასპარეზზე, ყოველი შემთხვევისთვის ხატიას შემთხვევაში, ნიკას ეს გადაწყვეტილება არ მიუღია, მაგრამ დაუსრულებლად ამ თემების პედალირება ნამდვილად არ არის ჩვენი ქვეყნის ინტერესში". - აცხადებს თინა ბოკუჩავა.

დეკანოიძემ თქვა, რომ ენმ-ში ეფემერული ერთიანობა აქვთ, ასევე განაცხადა, რომ ნიკა მელიას "ნაციონალურ მოძრაობაში ვეღარ ხედავს.

ნიკა მელიამ ენმ-ში დარჩენის საკითხზე ისაუბრა. მელიას თქმით, პარტიაში ბევრ საკითხთან მიმართებით ფუნდამენტური განსხვავებებია. მელიამ არ გამორიცხა, რომ ქართული ოცნების რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლა სხვა პლატფორმიდან მოუწიოთ.

მსგავსი სიახლეები