სცემეს თუ არა ახალგაზრდა შუა თითის ჩვენების გამო ღარიბაშვილის მცველებმა - პრემიერის ესკორტის სავარაუდო სკანდალი
პრემიერის ესკორტის სავარაუდო სკანდალი - როგორ უსწორდება ღარიბაშვილის დაცვა მოქალაქეებს შუა ქუჩაში. "პირველებს" წყარო უყვება, რომ ახალგაზრდა, რომელმაც მთავრობის ადმინისტრაციისკენ მიმავალი პრემიერის ესკორტს შუა თითი აჩვენა, უმოწყალოდ სცემეს, შემდეგ კი მანქანაში ჩატენეს.
ამ ამბავს "პირველებს" ის ადამიანებიც უდასტურებენ, რომლებიც ამ ქუჩებზე მუშაობენ.
"მარკეტში ვიყავი ჩასული, იქ გარემოვაჭრეებიც იყვნენ და ამბობდნენ პრემიერის ესკორტი იყო და პატრულმა წაიყვანაო. ვინ ბიჭზე ამბობენ არ ვიცი, შუა თითი აჩვენაო თქვეს ". - ამბობს ხალხი.
ეს ინციდენტი ლეონიძისა და სულხან საბა ორბელიანების ქუჩების კვეთაზე შუა დღისას მოხდა, როდესაც პრემიერი სამუშაო ოფისში მიდიოდა. ეს ადგილი სამთავრობო კვარტალს მიეკუთვნება და იქ განსაკუთრებით ბევრი სათვალთვალო კამერაა დამონტაჟებული, რომელიც მომხდარ ფაქტს აღბეჭდავდა, თუმცა დაცვის თანამშრომლების სავარაუდო თავდასხმა ახალგაზრდაზე, როგორც ჩანს გასაიდუმლოებულია.
დაიწყო თუ არა შსს-მ გამოძიება და საგამოძიებო მოქმედებები? - "პირველები" იმყოფებოდა უშუალოდ შემთხვევის ადგილზე და დაინტერესდა, ამოიღეს თუ არა სათვალთვალო კამერის ჩანაწერები. ირკვევა, რომ საგამოძიებო მოქმედებები არც ლეონიძის და არც სულხანს საბას ქუჩაზე არ ჩატარებულა.