"ვიხილავთ ბანკების მიერ დასმულ საკითხებს" - თურნავა ბიზნეს ასოციაციისა და საბანკო სექტორის ხელმძღვანელებს შეხვდა

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, ნათია თურნავა ბიზნეს ასოციაციისა და საბანკო სექტორის ხელმძღვანელებს შეხვდა. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს და წერს, რომ მხარეებმა შეხვედრაზე საბანკო სექტორში არსებულ ვითარებასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.
შეხვედრაზე კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღინიშნა, რომ ქართული საფინანსო სისტემა იყო, არის და იქნება საერთაშორისო სანქციების ერთგული.
"საბანკო სექტორი და ეროვნული ბანკი, როგორც ყოველთვის, დღესაც ძალიან მჭიდროდ თანამშრომლობს, გვაქვს ერთიანი ხედვა და საერთო მიზანი. საბანკო სექტორი და ეროვნული ბანკი ჩვენი საერთაშორისო ვალდებულებების ერთგულები ვართ. გვაქვს ძალიან საინტერესო სამომავლო განვითარების გეგმები. ვიხილავთ ბანკების მიერ დასმულ საკითხებს, თუ როგორ უნდა მოხდეს დამატებითი მუხტის მიცემა ეკონომიკისთვის. გვაქვს საერთო მიზანი, რომ ეკონომიკა კვლავაც სწრაფად იზრდებოდეს და ბანკებმა უფრო მეტი რესურსის დაბანდება შეძლონ. ეს არის ძალიან საინტერესო ინიციატივები, რომელიც საბანკო სექტორში დაინერგება. რა თქმა უნდა, ჩვენი ზედამხედველობის ქვეშ და ყველა რისკის გათვალისწინებით", - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ.
ბიზნეს-ასოციაციის პრეზიდენტის თქმით კი, მათი მთავარი მიზანი, რეგიონის მასშტაბით გამორჩეული საბანკო სისტემის გაძლიერებაა. განხილული საკითხები კი საპროცენტო განაკვეთის შემცირებას მოხმარდება რაც პირველ რიგში ბიზნესს წაადგება.