მაღალი დონის ელიტური კორუფცია ქვეყანაში - გასაჯაროებულია კონკრეტული ფატები და მტკიცებულებები

28.09.23 11:23
მაღალი დონის ელიტური კორუფცია ქვეყანაში - გასაჯაროებულია კონკრეტული ფატები და მტკიცებულებები

მაღალი დონის ელიტური კორუფცია ქვეყანაში - "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო"-ს სკანდალური დასკვნა დილიდან განხილვის მთავარი თემაა. 

გავლენიანი ორგანიზაციის უახლესი ანგარიშში 144 საქმე მოხვდა, მათ შორისაა "შაბათის ეთერის" რეზონანსული ჟურნალისტური გამოძიებებიც.

 თაროზე შემოდებულ საქმეებს შორისაა ფარცხალაძის, ღარიბაშვილის, კალაძის და თანამდებობის პირველი პირების საქმეები, სამთავრობო თვით-მფრინავის  სკანდალი,  ღარიბაშვილების  საგვარეულო მამულები და პირველი ლედის მდიდრული წვეულებები.

"კონკრეტული სახელმწიფო ინსტიტუტები მიტაცებულია და სამართალდამცავი ორგანოები კორუფციის აღმოსაფხვრელად არაფერს აკეთებენ" - ამბობს "პირველებთან" "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ხელმძღვანელი ეკა გიგაური.

მისი თქმით, ხელისუფლებაში არსებული ადამიანები სახელმწიფო რესურსების გამოყენების ხარჯზე გამდიდრებას ცდილობენ.

აქ იკვეთება ცხადია, ის რომ ჩვენ გვაქვს სერიოზული პრობლემები ელიტურ კორუფციასთან დაკავშირებით. მეორე ის, რომ ამაზე არ არის რეაგირება, ეს იმას ნიშნავს, რომ კონკრეტული სახელმწიფო ინსტიტუტები არის მიტაცებული და სამართალდამცავი ორგანოები არაფერს არ აკეთებენ იმისთვის, რომ საქართველოში არ გვქონდეს კორუფცია. და მესამე ის, რომ ფაქტობრივად, იმ ადამიანებს, რომლებიც ახლოს არიან მმართველ პარტიასთან და ბიძინა ივანიშვილთან, მათ აქვთ მიცემული მწვანე შუქი, რომ ჩაერთონ ნებისმიერ კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში და ამისთვის ისინი არ დაისჯებიან. ეს ძალიან დიდი პრობლემაა, რადგან ეს ყველაფერი ჩვენს თითოეულ მოქალაქეს ეხება. ეს ადამიანები კი სახელმწიფო რესურსების გამოყენების ხარჯზე მდიდრდებიან - აღნიშნა ეკა გიგაურმა.

პარტია "ლელო საქართველოსთვის" გენერალური მდივნის ირაკლი კუპრაძის თქმით, კორუფციის არაერთ ფაქტთან დაკავშირებით ობიექტური გამოძიება არ არსებობს, რადგან "ქართული ოცნება" თავადვე მართავს პროკურატურას.

"ქართული ოცნების" ნიშად იქცა კორუფცია წლების განმავლობაში, სადაც არაფრის მქონე პირები ბიძინა ივანიშვილთან ერთად ხელისუფლებაში მოვიდნენ, ისინი დღეს ფლობენ ათეულობით მილიონ ლარს ოფიციალურად და არაოფიციალურად, გადამალულ დიდძალ ქონებას. საქმე ეხება სახელმწიფო რესურსების გამოყენებას პირადი მიზნებისთვის. ეს არის დახურული ციხესიმაგრეები დაბადების დღეებისთვის, მიღებული მრავალათასიანი საჩუქრები, გამოყენებული სახელმწიფოს ბალანსზე მყოფი თვითმფრინავები. თანამდებობის პირები, მათ შორის, ირაკლი ფარცხალაძე, ირაკლი ღარიბაშვილი და სხვები, ადამიანები, რომელთაც ხელისუფლებაში მოსვლამდე არ გააჩნდათ არაფერი, დღეს არიან დიდძალი ქონების მქონე პირები, რომელთა მთავარი არგუმენტი არის, რომ მამამ აჩუქა ორასი ათასი ლარი, ბებიისგან მემკვიდრეობით ერგოთ ციხესიმაგრეები. ობიექტური გამოძიება კორუფციასთან დაკავშირებით, თითქმის, არ არსებობს, რადგან თავად მართავენ პროკურატურას - აღნიშნა ირაკლი კუპრაძემ.

ცნობისთვის, არასამთავრობო ორგანიზაციამ 144 საქმე შეისწავლა, რომლებშიც 160 მაღალი თანამდებობის პირი ფიგურირებს, მათ შორის, 13 მოსამართლე, 27 პარლამენტარი, მთავრობის 28 წევრი ან მოადგილე და მუნიციპალური თანამდებობის 53 პირი.

მსგავსი სიახლეები