"დიქტატურის ბოლო ეტაპი" - შოთა თუთბერიძე "თეთრი ფურცლების" საქმეზე პროცესის მოლოდინშია

28.09.23 12:29
"დიქტატურის ბოლო ეტაპი" - შოთა თუთბერიძე "თეთრი ფურცლების" საქმეზე პროცესის მოლოდინშია

მიიღებს თუ არა მოსამართლე კიდევ ერთ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას? - შოთა თუთბერიძის "თეთრი ფურცლების" საქმეზე სასამართლო პროცესი დღეს საქალაქოში ზუსტად 18:00 საათზე დაიწყება. 

ადვოკატი ფიქრობს, რომ ლაზარე გრიგორიადისის მხარდამჭერ აქციაზე ქუჩაში დგომას, არც მას აპატიებენ და  დააჯარიმებენ. ბრალდებულთა ნაწილი, ვისაც ჯარიმის ფურცლები უკვე გადასცეს ფიქრობენ, რომ მოსამართლემ პოლიტიკურ განაჩენს მოაწერა ხელი, რომელიც "ქართულ ოცნებაში" დაწერეს.

ადვოკატ, შოთა თუთბერიძის თქმით, მას პოზიტიური მოლოდინები არ აქვს, რადგან უკვე მიღებულ სასამართლო გადაწყვეტილებას კარგი პრეცედენტი არ შეუქმნია და სრული კატასტროფა მოახდინა. ადვოკატი ამბობს, რომ საქართველომ დიქტატურის აღიარებას ომის გარეშე მიაღწია, იმ დიქტატურას, რაც დღეს პუტინის მთავრობაშია.

მოლოდინი მაინც და მაინც პოზიტიური, ბუნებრივია არ მაქვს და უკვე მიღებულ სასამართლო გადაწყვეტილებას რაიმე კარგი პრეცედენტი არ შეუქმნია, პირიქით ამ სასამართლო გადაწყვეტილებებმა აბსოლუტური კატასტროფა მოახდინა და დააკანონა კონკრეტული პოლიტიკური ფიგურების კრიტიკის გამო ადამიანების პასუხისგებაში მიცემა, რაც არის დიქტატურის ბოლო ეტაპი. ჩვენ ომის გარეშე და პირდაპირ დიქტატურის და აღიარების გარეშე მივაღწიეთ იმას, რასაც მიაღწია პუტინის მთავრობამ რუსეთში და გვაქვს პრაქტიკულად იგივე ტიპის რეჟიმი", - ამბობს ადვოკატი, შოთა თუთბერიძე.

უკვე დაჯარიმებული სამოქალაქო აქტივისტის თქმით, გადაწყვეტილება თავიდანვე პოლიტიკური იყო, ხოლო ხელისუფლება თავიდანვე ცდილობს ჩაახშოს გამოსვლები, რომლებიც ხალხის შეკრებას და კონსოლიდაციას გამოიწვევს. 

პოლიტიკური იყო თავიდანვე ეს საქმე. ხელისუფლება ცდილობს, რომ ნებისმიერი დეტალი, რაც ხალხის შეკრებას და კონსოლიდაციას გამოიწვევს თავიდანვე ჩაახშოს. ორმაგი დატვირთვა აქვს, ერთი ის, რომ ვისაც დააჯარიმებენ ცოტა მეტი წნეხი შეუქმნან, რომ აღარ მიიღოს მონაწილეობა და საზოგადოებაში შექმნას მაგალითი. ვიცი, რომ შემდეგ ინსტანციებში დიდი იმედი არ უნდა იყოს, რომ რაიმე სამართლიანად გადაწყდება", - ამბობს სამოქალაქო აქტივისტი

საბა ბრაჭველის თქმით, შემთხვევა საგანგაშოა და ისინი სტრასბურგში წარდგებიან და იქიდან ეცდებიან ამხილონ ქართული სასამართლო სისტემა. 

ეს არის ძალიან საგანგაშო შემთხვევა, ჩვენ რა თქმა უნდა ამისათვის წარვდგებით სტრასბურგში და ვეცდებით, რომ ამ გზით მაინც ვამხილოთ ქართული სასამართლო სისტემა, რომ პატივი სცეს გამოხატვის თავისუფლებას. ჯარიმის გადახდა აუცილებელი არის, ამას მოითხოვს ჩვენი კანონმდებლობა იმიტომ, რომ გასაჩივრება ჯარიმის გადახდას არ აჩერებს. გადავიხდით დავემორჩილებით კანონს და კანონიერად გავაგრძელებთ საქმის წარმოებას საქართველოშიც და შემდგომ სტრასბურგშიც", - ამბობს საბა ბრაჭველი. 

შეგახსენებთ, რომ "თეთრი ფურცლების" საქმეზე - 2 ივნისს აქციაზე ირაკლი ღარიბაშვილის შესახებ მიტანილი ბანერების გამო დაკავებულები, გუშინ სასამართლომ სამართალდამრღვევებად ცნო. 

მსგავსი სიახლეები