ნათია თურნავა IMD-ის წარმომადგენელს შეხვდა
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა "მართვის განვითარების საერთაშორისო ინსტიტუტის წარმომადგენელს, არტურო ბრის შეხვდა.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები და ის შესაძლებლობები განიხილეს, რომელიც საქართველოს "მსოფლიო კონკურენტუნარიანობის ინდექსში" ჩართვას მოჰყვება.
ინსტიტუტის საქართველოთი დაინტერესება საერთაშორისო ასპარეზზე ქვეყნის სწორი პოზიციონირებითა და სხვა ავტორიტეტულ რეიტინგებში წამყვანი პოზიციების დაკავებით არის განპირობებული.
მისასალმებელია, რომ ისეთი ავტორიტეტული საერთაშორისო ინსტიტუტი, როგორიც IMD-ია, დაინტერესდა ჩვენთან თანამშრომლობით. მოხარულები ვიქნებით, თუ საქართველო სხვა ავტორიტეტული რეიტინგების მსგავსად „მსოფლიო კონკურენტუნარიანობის ინდექსის“ მიხედვითაც შეფასდება. მათი მხრიდან ჩვენთან თანამშრომლობის სურვილი სწორედ სებ-ისა და მთლიანად საქართველოს საფინანსო სისტემის ღიაობითა და გამჭვირვალობით, გამართული და მდგრადი ფუნქციონირებითაა განპირობებული - აღნიშნა ნათია თურნავამ.