განკარგულება გაიცა - ე.წ. მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა 2024 წლის 1-ელი იანვრიდან არსებობას შეწყვეტს

28.09.23 14:02
განკარგულება გაიცა - ე.წ. მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა 2024 წლის 1-ელი იანვრიდან არსებობას შეწყვეტს

ე.წ. მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა 2024 წლის 1-ელი იანვრიდან არსებობას შეწყვეტს - აღნიშნულ "განკარგულებას" ე.წ. პრეზიდენტი სამველ შაჰრამანიანი აწერს ხელს.

თვითგამოცხადებული არწახის დე ფაქტო პრეზიდენტმა ყველა "საჯარო უწყებისა და ორგანიზაციის დათხოვნის შესახებაც განაცხადა".

დოკუმენტში ნათლად წერია, რომ რთულ სამხედრო-პოლიტიკურ ვითარებასთან დაკავშირებით, არწახის მოსახლეობის ფიზიკური უსაფრთხოებისა და სასიცოცხლო ინტერესების უზრუნველყოფის პრიორიტეტიდან გამომდინარე, უზრუნველყოფილია შეუფერხებელი მგზავრობა ლაჩინის დერეფანში. 2024 წლის 1 იანვრამდე დაიშლება სახელმწიფოს დაქვემდებარებული ყველა დაწესებულება, იანვრიდან კი უქმდება „არწახის კონსტიტუცია” და ე.წ მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა არსებობას წყვეტს.

ყარაბაღის მოსახლეობას, მათ შორის, ვინც ე.წ. რესპუბლიკის ფარგლებს გარეთ იმყოფება, ამ განკარგულების ძალაში შესვლის შემდეგ ურჩევენ აზერბაიჯანის მიერ წარმოდგენილ რეინტეგრაციის პირობებს გაეცნონ.

განკარგულებაში ნათქვამია ისიც, რომ იგი ძალაში გამოქვეყნებისთანავე შედის.

მსგავსი სიახლეები