უარს ვერ შევეგუებით - ღარიბაშვილი კანდიდატის სტატუსზე
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს. პრემიერის თქმით, საქართველო ვერ შეეგუება უარს და ნეგატიურ გადაწყვეტილებას ევროკავშირისგან.
როგორც ღარიბაშვილი ამბობს, საქართველო ყველა მიმართულებით უსწრებს მოლდოვას და უკრაინას და უარი კანდიდატის სტატუსზე ჩვენი ქვეყნისთვის იქნება შეურაცხმყოფელი.
ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე ისაუბრა პრეზიდენტ მიშელთან აუდიენციის დეტალებზე ღარიბაშვილი ამბობს, რომ საჯარო განცხადებების მიღმა დასავლელ პარტნიორებს ის დახურულ კარს მიღმა გაცილებით მეტს ესაუბრება და პირდაპირ ამბობს, რომ საქართველომ უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი, თუ საქართველო ვერ მიიღებს კანდიდატის სტატუსს ეს იქნება შეურაცხმყოფელი, დაუსაბუთებელი და უსამართლო გადაწყვეტილება, რომელსაც ევროკავშირი საქართველოს წინააღმდეგ მიიღებს.
ღარიბაშვილი ამბობს, რომ საკუთარი პოზიცია მან ჯოზეფ ბორელთანაც დააფიქსირა და ასევე, შარლ მიშელსაც უთხრა, რომ საქართველოს უნდა მიეცეს სტატუსი, ერთი მარტივი მიზეზის გამო, რომ ასოცირებულ ტრიოში საქართველო ყოველთვის იყო მოწინავე ქვეყანა და ის ვერ შეეგუება იმას, რომ საქართველომ გადაინაცვლოს უკანა პლანზე. ღარიბაშვილი ამბობს, რომ ევროკავშირის მხრიდან უარყოფით გადაწყვეტილებას საქართველო ვერ შეეგუება.
მიღწეული პროგრესის გათვალისწინებით საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს. ეს მე მათ მკაფიოდ დავუფიქსირე. სხვა შემთხვევაში მათ ვუთხარი, რომ ეს იქნება მორიგი სტრატეგიული შეცდომა და ძალიან უსამართლო მოპყრობა ქართველი ხალხის. აბსოლუტურად მიუღებელია უსამართლო მოპყრობა და ჩვენ ამას არ შევეგუებით, ისე როგორც მიუღებელია მცდელობა, რომ ჩვენ ვინმემ დაგვჩაგროს და მეორე და მესამე რიგებში გადაგვსვან. ჩვენ ყველა მიმართულებით წინ ვუსწრებთ მოლდოვას და უკრაინას, შედარებაც არ შეიძლება იმდენად წინ ვართ ამ ქვეყნებთან. ერთი რამ მინდა ცალსახად დავაფიქსირო და მათაც ვუთხარი- ჩვენ ვიმსახურებთ კანდიდატის სტატუსს. ნეგატიური გადაწყვეტილება იქნება აბსოლუტურად მიუღებელი და შეურაცხმყოფელი. ". - განაცხადა ღარიბაშვილმა