პრეზიდენტის მიმართ ნდობა დავკარგე - ღარიბაშვილი
პრემიერი VS პრეზიდენტი - ირაკლი ღარიბაშვილმა სალომე ზურაბიშვილი ევროკავშირის სტატუსის საბოტაჟში დაადანაშაულა. მთავრობის მეთაურმა თქვა, რომ ზურაბიშვილის მიმართ ნდობა დაკარგეს.
"კაცმა არ იცის, იქ ევროპაში რას ილაპარაკებდა"- თქვა ღარიბაშვილმა პრეზიდენტისთვის ვიზიტების დაბლოკვის კომენტირებისას.
მე მას მხარს ვუჭერდი ყოველთვის და არასდროს შემიზღუდავს მისი გადაადგილება, მაგრამ მე შეგახსენებთ, რომ ქალბატონ პრეზიდენტს ძალიან მძიმე განცხადებები აქვს გაკეთებული. მას საჯაროდ აქვს ნათქვამი, რომ ჩვენი მთავრობა და ჩვენი ხელისუფლება თურმე არ ასრულებს საკუთარ ვალდებულებებს -12 რეკომენდაციას.
აქვს ნათქვამი ისიც, რომ არ ვიმსახურებთ სტატუსს. აქვს ბუნდოვანი განცხადებები გაკეთებული, რომ თითქოს ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკა არის ბუნდოვანი თუ მთავრობის პოზიცია არის ბუნდოვანი.
ამის შემდეგ, ბუნებრივია, ჩვენს შორის ის მინიმალური ნდობა, რომელიც შენარჩუნებული იყო, ისიც დაიკარგა. მე უბრალოდ ჩემი ხელმოწერით ვერ გავარძელებინებდი ქვეყნის წინააღმდეგ საბოტაჟს და ამაში თანამონაწილე ვერ გავხდებოდი. თუ ადამიანი აცხადებს ქვეყნის შიგნით ასეთ მიუღებელ რამეს და ამის შემდეგ მოგვმართავს, რომ წავიდეს ევროპაში და რა უნდა ილაპარაკოს კაცმა არ იცის, ჩვენ ნდობა აღარ გვაქვს უბრალოდ. არ ვიცი, იქ რომ ჩავიდოდა, რომელიმე ქვეყანაში ჩვენი მანდატით, ჩვენგან ნებადართული, რას ილაპარაკებდა ჩვენთვის ეს აბსოლუტურად ბუნდოვანი და მიუღებელი იქნებოდა. ამით დასაბუთდა ჩვენი უარი, იმიტომ, რომ ის პირდაპირ ეწინააღმდეგებოდა ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს. ჩვენი ინტერესი იყოს და არის დღეს, რომ ქვეყანამ მიიღოს სტატუსი, ამის წინააღმდეგ ნებისმიერი განცხადება არის საბოტაჟი"- თქვა პრეზიდენტმა.
რაც შეეხება იმპიჩმენტის საკითხს, "ქართული ოცნების" სახვა ლიდერების მსგავსად, ღარიბაშვილმა თქვა, რომ "პრეზიდენტმა კონსტიტუცია დემონსტრაციულად დაარღვია და ხელისუფლება იძულებული გახდა, ქვეყნის მთავარი დოკუმენტი დაეცვა".
პატარა ბავშვიც მიხვდება, რომ ნებისმიერ კანონდარღვევაზე, რაღაცის გაფუჭებაზე, მით უმეტეს, კონსტიტუციის დარღვევაზე რეაგირება არის ვალდებულება. ანუ, ვალდებული, იძულებული ვიყავით ჩვენი გუნდი, რომ მოგვეხდინა რეაგირება, ფორმალური რეაგირება, იმიტომ, რომ ადამიანმა დემონსტრაციულად დაარღვია კონსტიტუცია.
იმპიჩმენტზე ჩვენ ვთქვით ღიად, რომ ეს არის ფორმალური პროცედურა. იცით, რომ ჩვენ არ გვაქვს საკმარისი ხმები, მაგრამ ჩვენ ნდობა დაკარგული გვაქვს ამ ადამიანის მიმართ, გაუგებარია მისი ქმედებები. ყოველთვის თავს ვიკავებდი მისი საჯარო კრიტიკისგან, მიუხედავად მისი არაერთგზის გაკეთებული საკმაოდ კრიტიკული განცხადებებისა", - ამბობს ის.
ღარიბაშვილის მტკიცებით, გაუგებარია, რა კავშირშია "ადამიანის მიერ კონსტიტუციის და შესაძლო კანონის დარღვევა" სტატუსის შესაძლო არმიცემასთან.
ქალბატონი სალომე რომელ ქვეყანასაც წარმოადგენს, საფრანგეთს წარმოადგენს და წარმოადგენდა, ასე დავაკონკრეტებ, ასე ვიტყოდი, უფრო კორექტული იქნება ამის თქმა, საფრანგეთის დარწმუნებაც ვერ შეძლო მან შარშან. გახსოვთ, რომ ერთადერთი, ვინც ჩვენი ქვეყნის მიმართ დასვა კითხვა გეოგრაფიის ჭრილში, იყო საფრანგეთის პრეზიდენტი. მანამდე გაგზავნილი მყავდა ქალბატონი სალომე და ამის შემდეგ მოხდა ძალიან სკეპტიკური განცხადების გაკეთება. ადამიანმა საკუთარი მეორე სამშობლოს, თუ პირველი სამშობლოს, როგორც უნდა ისე დაალაგოს, დარწმუნება ვერ შეძლო იმაში, რომ გეოგრაფია აქ აბსოლუტურად უადგილოა, ჩვენ ვართ ევროპული ოჯახის წევრი", - აცხადებს ღარიბაშვილი.