რა სკანდალი ნახეთ, რა აღმოაჩინეთ? - ღარიბაშვილი ლავროვის განცხადებაზე

28.09.23 14:58
რა სკანდალი ნახეთ, რა აღმოაჩინეთ? - ღარიბაშვილი ლავროვის განცხადებაზე

რა სკანდალი ნახეთ? - ასე ეხმაურება საქართველოს პრემიერ-მინისტრი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას. 

ირაკლი ღარიბაშვილი ამტკიცებს, რომ საქართველოსთან პირდაპირი ფრენების აღდგენა "რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილება იყო და საქართველოს მთავრობის სახელით ამ საკითხზე რუსეთთან მოლაპარაკება არავის გაუმართავს".

ღარიბაშვილი იქვე ამბობს, რომ ოკუპანტი ქვეყნის გადაწყვეტილებას საქართველოს მთავრობამ მოიწონა.

ძალიან მარტივად არის საქმე, მაგას პატარა ბავშვიც მიხვდება - ჯერ ერთი, მანამდე რუსეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ ეს იყო მისი ერთპიროვნული გადაწყვეტილება, უვიზო რეჟიმის და ფრენების აღდგენა, ახლა, დღეს რაც თქვა ბატონმა ლავროვმა, ეს არის ფაქტის კონსტატაცია. რა თქმა უნდა, მოხდა გაფორმება ამ შეთანხმების საქართველოს მთავრობასთან, კერძოდ, ეკონომიკის სამინისტროს საავიაციო სააგენტო ბუნებრივია თანხმობას აძლევს შესაბამის უწყებას და კომპანიებს, ამ შეთანხმებაზეა საუბარი და რა არის ამაში გაუგებარი? რა სკანდალი ნახეთ ამაში? რა აღმოაჩინეთ?

მანამდე, თქვენ მოისმინეთ რუსეთის პირველი პირის, ქვეყნის პრეზიდენტის განცხადება, რომ ეს იყო მისი ერთპიროვნული გადაწყვეტილება. დღეს რა განცხადებაც გაკეთდა, ეს არის ფაქტის დადასტურება, რომ შეთანხმება მოხდა მთავრობასთან. ჩვენ ეს ფარულად არ გაგვიკეთებია. მას შემდეგ, რაც რუსეთი ხელისუფლებამ თქვა, რომ ფრენებს აღადგენს, ჩვენ ამას მივესალმეთ, ვთქვით, რომ ეს კარგი ნაბიჯია, იმიტომ რომ რაც წაადგება ჩვენს ხალხს, ქვეყანას კარგია და ეს ღიად გავაკეთეთ, ფარულად არ გაგვიკეთებია"- განაცხადა ღარიბაშვილმა. 

მისივე მტკიცებით, რუსეთის ფედერაციასთან რაიმე ტიპის ფორმალური და არაფორმალური მოლაპარაკებები არ გამართულა. 

ეს იყო რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილება, რომელიც შემდეგ ჩვენმა მთავრობამ ასე ვთქვათ დაამოწმა და მოიწონა და გააფორმა. საქართველოს მთავრობის სახელით, მე გიდასტურებთ, რომ მთავრობის სახელით, არავის ჩემი, მთავრობის სახელით არავის ფორმალური მოლაპარაკება ამ საკითხზე არ გაუმართავს, ეს იყო რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილება. ეს არის ჩემი პასუხი, მე მგონი, აქ კითხვები ამოწურულია", - განაცხადა ღარიბაშვილმა. 

მსგავსი სიახლეები