არ დავუშვებთ არარაობებმა და ქვეყნის მტრებმა არეულობა შემოიტანონ, ყველა სამაგალითოდ დაისჯება - პრემიერი
პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი სუს-ის განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ, სუს-ი და სპეცსამსახურები სიტუაციას აკონტროლებენ და ნებისმიერი გადაცდომაზე ძალიან მკაცრი რეაგირება იქნება.
ღარიბაშვილის თქმით, ხელისუფლება არ დაუშვებს, რომ „ვიღაც არარაობებმა და ქვეყნის მტრებმა ქვეყანაში რაიმე ტიპის არეულობა შემოიტანონ“.
პრემიერის განცხადებით, ყველა სამაგალითოდ დაისჯება.
„ეს არის ძალიან სერიოზული განცხადება. სუს-ს აქვს იმაზე მეტი ინფორმაცია, რაც ამ ეტაპზე იქნა მიზანშეწონილად ჩათვლილი, რომ გაზიარებული საზოგადოებისთვის. ის, რომ გარკვეული რადიკალური ჯგუფები დესტაბილიზაციას, არეულობას და რაღაც ქაოსის შემოტანას ცდილობდნენ და ცდილობენ ეს არ არის ახალი ამბავი. რა თქმა უნდა, ეს ადამიანები და მე ვგულისხმობ ყოფილი პრეზიდენტის და მისი რადიკალური ანარქისტული ჯგუფების ჩართულობით გარკვეული არეულობის მცდელობას საქართველოში. მათ ეს არასდროს გამოუვიდათ და არც გამოუვათ. მინდა ვთქვა მტკიცედ და ერთმნიშვნელოვნად, რომ ჩვენ არ დავუშვებთ ვიღაც არარაობებმა და ქვეყნის მტრებმა ქვეყანაში რაიმე ტიპის არეულობა შემოიტანონ, ყველა დაისჯება სამაგალითოდ. ეს დაიმახსოვროს ყველამ კარგად! სუსი და ჩვენი სპეცსამსახურები აკონტროლებენ სიტუაციას, ნებისმიერი გადაცდომა იქნება დაფიქსირებული და ამაზე იქნება ძალიან მკაცრი რეაგირება ჩვენი მხრიდან“, - განაცხადა პრემიერმა.