ქადაგიძე - ბანდიტი და ადეიშვილის ხელის ბიჭი - ღარიბაშვილი
"ქადაგიძე - ბანდიტი და ადეიშვილის ხელის ბიჭი, პროკურორი, რომელიც ადეიშვილმა ეროვნულ ბანკში გადაიყვანა, ვის დამოუკიდებლობაზე მელაპარაკებით თქვენ, როგორ ბედავთ საერთოდ მაგის ლაპარაკს?!" - ეს განცხადება პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ეროვნული ბანკის ყოფილი დირექტორის გიორგი ქადაგიძის განცხადების შეფასებისას გააკეთა.
საქმე ეხება ქადაგიძის განცხადებას, სადაც ის ამბობს, რომ „ჩვენი დელეგაცია ევროპულ და ამერიკულ ფორუმებზე კეთროვანია და რომ ისინი მხოლოდ მესამე ქვეყნის ჩამორჩენილ ლიდერებს ხვდებიან“. სწორედ მისი ეს შეფასება აღმოჩნდა პრემიერისთვის მიუღებელი.
ადეიშვილის ხელის ბიჭი, ბანდიტი, ძარცვავდა პირდაპირ, ბანკებს ატერორებდა, მახსოვს „ქართუ ბანკის“ გაკოტრების მცდელობის საქმე, პირადად ჩართული იყო ბატონი ქადაგიძე. დღეს გამოდის და ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობაზე ლაპარაკობს, ეს არ არის ცინიზმი, შეურაცხყოფა? ამიტომ, ამ ადამიანებისგან ჩვენ არავითარ კრიტიკას არ მივიღებთ, ამ ადამიანებს, ამ ყველაზე ანტიეროვნულ ძალას, დღესაც კი აქვს სურვილი, რომ ხელისუფლებაში იყვნენ და პოლიტიკაში აქტიურად მიიღონ მონაწილეობა. ამიტომ მათი ეს განცხადებები მიუღებელია, მითუმეტეს, მიუღებელია ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების მოღალატეებისგან. საერთოდ, არავის დამცველი ვარ, ყველა მოქალაქეს ვიცავ და ყველა მოქალაქის ინტერესს დავიცავ, მაგრამ კრიტიკას ვერ მივიღებ იმ ადამიანებისგან, რომლებმაც მიზანმიმართულად, გააზრებულად უღალატეს ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს და არა ერთგზის, დღესაც ღალატობენ. როცა ამბობენ, რომ მეორე ფრონტი გაიხსნას, ამას ყოფილი მინისტრი, ბატონო ვანო მერაბიშვილი ღიად ამბობს, თუ ისინი ხელისუფლებაში დაბრუნდებიან, მეორე ფრონტს გახსნიან თურმე. ვინმეს თუ წარმოუდგენია, ქვეყანაში მეორე ფრონტის გახსნა რას გულისხმობს და რა შედეგს მოუტანს და მოუტანდა ჩვენს ხალხს? ახლა რომ გადაადგილდებით მშვიდად, აქ უბედურება იქნებოდა, ვიღაცებს მართლა უნდა უკაინიზაცია, ავღანეთიზაცია, შეიძლება სირიის სცენარის გამეორება, მაგრამ ჩვენ ამას არ დავუშვებთ, ყველას გავცემთ საკადრის პასუხს“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.